დიდი ბრიტანეთის საელჩო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჯაფარიძის დაკავება მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას.

„დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით. მისი დაკავება სრულიად არაპროპორციული ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპოზიციის დაშინებას და გაჩუმებას. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონის მიღებასთან და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე, ეს საქართველოს სერიოზული დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტურია. პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატია ევრო-ატლანტიკური ღირებულებების აუცილებელი ნაწილია. „ქართულმა ოცნებამ“ ახლავე უნდა შეაჩეროს ანტიდემოკრატიული ზომების მიღება“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას.


პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 23 მაისს სასამართლო სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

კერძოდ, „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ა.შ.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს.

ზურაბ ჯაფარიძემ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ამიტომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დააკმაყოფილა.

მანამდე, 14 მაისს,  დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.