სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა ემუქრებათ, გირაო არ გადაიხადონ.

ამის შესახებ რეზო კიკნაძემ დღეს, 15 მაისს, სასამართლოში განაცხადა.

რეზო კიკნაძე ამით გამოეხმაურა გუშინ, 14 მაისს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას. ოქრუაშვილმა აღნიშნულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც ის სასამართლოში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც რეზო კიკნაძე ამბობს, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდა ახლა ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას ნიშნავს.

„გუშინ ისეთი რაღაც მოხდა, რომ ეს ნიშნავდა, ყველაფერზე ხელი აიღო მთავრობამ და ყველაფერს ვიკადრებ და ვისაც მინდა, დავიჭერო. ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რომ ემანდ ხელი არავის წაგიცდეთ და ის გირაო არავინ გადაიხადოთ, თორემ თუ ვინმე გირაოს გადაიხდის, ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას. ყველანაირ პატივისცემას დაკარგავთ, რაც აქამდე გქონდათ.

ჩვენც შეგვეძლო რაღაცებზე ხელი მოგვეწერა და გავსულიყავით ამის სანაცვლოდ, მაგრამ არ ვიკადრეთ და არც ვიკადრებთ. თქვენც ნუ იკადრებთ და ბრძოლას ნუ ჩაეხსნებით.

ციხეში მოხვედრა საერთოდ არ არის კატასტროფა. კატასტროფა ის არის, როდესაც ბრძოლას გაურბიხარ მაშინ, როცა შენი თანამებრძოლები იბრძვიან ქვეყნის გადასარჩენად და ბოლოს მოგკლავს შეწუხებული სინდისი, სულში გაჩენილი ბზარი ან თავის გადასარჩენად გადახდილი გირაო და არა ჩალურჯებული თვალი, ჩატეხილი კბილი თუ ერთი წლის ნახეხი დილეგი“, – განაცხადა რეზო კიკნაძემ.


„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

კომისიაზე დაბარების მიუხედავად არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ა.შ.

საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ყველას ფულადი გირაო შეუფარდეს. სხვებისგან განსხვავებით ოქრუაშვილს ქვეყნის დატოვებაც აუკრძალეს.

„რა პრინციპით და ლოგიკით მოძრაობენ, ამათ ვერ გაუგებ. ქვეყანასაც ასე მართავენ და კი ხედავთ სადაც ვართ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის გირაო არ აქვთ გადახდილი ოპოზიციის ლიდერების ნაწილს, მათ შორის: ზურაბ ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას. როგორც ისინი ამბობენ, კომპრომისზე წასვლასა და გირაოს გადახდას არ აპირებენ.