მოსამართლე თეა ლეონიძემ 20 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „11 პირის საქმის“ განხილვა განაახლა.
„11 პირის“ უკან გაგახსენებთ, რომ დგანან: ირაკლი ქერაშვილი, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რეზო კიკნაძე, რუსლან სივაკოვი, სერგეი კუხარჩუკი, გური მირცხულავა, გია ტერიშვილი, ვაკო თეთრაშვილი.
სხდომას, პირადი გადაწყვეტილებით, არ დასწრებიან გური მირცხულავა და სერგეი კუხარჩუკი.
პროკურატურა, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის სახით, 11 პირისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, რაც მსჯავრის დამძიმებასაც გულისხმობს. ადვოკატები კი — მათ უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.
პროკურორებმა და ადვოკატებმა დღეს შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. მათი სიტყვები საკმაოდ ლაკონიური იყო და უმეტესობა დასკვნითი სიტყვის ეტაპზე აპირებს პოზიციის/საჩივრის ვრცლად დასაბუთებას.
სიტყვით ისარგებლა რამდენიმე სინდისის პატიმარმაც, მათ შორის, რეზო კიკნაძემ. მცირე რეპლიკები თქვეს ონისე ცხადაძემ და ანდრო ჭიჭინაძემ.
რეზო კიკნაძემ სიტყვა ირანელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატვით დაიწყო და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სინდისის პატიმრები აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის, ქვეყნის კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენებისთვის ისჯებიან იმ დროს და იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მოსამართლეცა და პროკურორებიც დუმილს ირჩევდნენ, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან თუ არა იმას, რომ დღეს „აშხაბადში წყდება საქართველოს ბედი“.
„სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატურის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს მაგალითი, როცა ქვეყნის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინ აყენებ.
მინდა, ყოველდღე დავსვათ კითხვა: რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე? იმ თარიღებში, რა თარიღებშიც ბრალი წარგვიდგინეს, რა ნივთიერებებს უშვებდნენ? ეგ გვითხრან.
სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, არ შეიძლება ეს დანაშაული შერჩეთ, თორემ მერე უარესს გააკეთებენ. თვითონ ერთმანეთშიც ვერ მოგვარებულან ისე, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გვითხრან..
მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს? პასუხს არ ველი. ჩვენც რომ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ გამოვედით იმ დღეებში გარეთ, რაც დანაშაულად ჩაგვითვალეს. ყველა მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს, როცა მის ქვეყანაში უსამართლობა ხდება, როდესაც ხედავ, რომ შენი ე.წ. მთავრობა მტერს ემსახურება. ამიტომ ხდება დღეს, რაც ხდება, რომ მაშინ ის გავუტარეთ. ცოტა ხანში გვეტყვიან, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩუმად იყავით, თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ და თქვენც, არაპატივცემულო პროკურორო. ჩვენ იმიტომ გვიჭერენ, რომ თქვენ დაეთანხმეთ, პუტინის მაგიდაზე წყდებოდეს ჩვენი ბედი.
მახსენდება „დათა თუთაშხია“ — თუ კიდევ ამ ამ მთავრობის ამომრჩეველი ხარ, არქიფო სეთურის ნახირს მახსენებ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, ამ სუპიჭამია ნახირს რომ ვუყურებ. სუპი რომ გვაქვს და სუპს ვჭამთ, კმაყოფილები უნდა ვიყოთ და მეტი აღარ უნდა მოვითხოვოთო.
უნდა შევეხო შერჩევით სამართალს. ზვიადაური არ დაუჭერიათ მკვლელობისთვის. კაცი მოკლა და რამდენიმე თვეში გარეთ გამოვიდა. ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და 2 წელი უნდა იჯდეს ციხეში. გიგა ავალიანის საქმეზე ვიტყვი, ჯგუფურად არ უკვალიფიცირებენ ბრალს და ჩვენ დაგვიკვალიფიცირეთ ჯგუფურად, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობდით.
ხალხს მინდა, რომ ვუთხრა, არასდროს შეგვეშინდეს ერთი სიტყვის, „რევოლუცია“. რევოლუცია არის ნამდვილი მშვიდობის საწინდარი. ყველა არეული რევოლუციით ლაგდება“, — თქვა რეზო კიკნაძემ.
ონისე ცხადაძე
„პირველად არის, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. თავისუფლებას ვუსურვებ ყველას ამ დარბაზში. სამი თუ ოთხი სხვადასხვა მხარეა. ყველა ერთად ვცხოვრობთ, ერთ ნავში ვართ. ნავი გატეხილია შუაზე და ერთად ჩავიძირებით. მე ცურვა არ ვიცი და ვერ მოგეშველებით“, — თქვა ონისემ.
ანდრო ჭიჭინაძე
„ამ ადამიანებს, ვინც წინ გვიზის, პროკურორებს ვგულისხმობ, უნდათ, რომ რეალობა დაგვანახონ სხვანაირად. შემოგვთავაზონ სხვა რეალობა. რეალობა კი არის ერთი. ანდრე ბრეტონმა და ლუის ბუნუელმა ვერ შეცვალეს რეალობა და ვახტანგ ცალუღელაშვილიც [საქმის პროკურორი] ვერ შეცვლის.
ყველა ეტაპზე გამორიცხული იყო ნებისმიერი აღიარება. არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მაქსიმუმ, იმ მტკიცებულებებით, რაც ჰქონდათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გველაპარაკა. ჩემი აზრით, ეგეც სადავოა.
რეალობის სხვანაირად ჩვენება არ გამოვა. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რეალობა იქნება ერთი“, — თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ სინდისის პატიმრებს განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოუტანა და წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ ბრალდებულებს და აწ უკვე მსჯავრდებულებს ვერც ძალადობა დაუმტკიცეს, ვერც ჯგუფურობა და მით უფრო – ორგანიზებულობა, მათ განაჩენი მაინც ორგანიზებულად და ჯგუფურად მოქმედებისთვის გამოუტანეს, ოღონდ სხვა მუხლის ფარგლებში, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ საბაბით, რომელიც სასჯელის უფრო მსუბუქ ზომას ითვალისწინებს. თერთმეტივეს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლე თეა ლეონიძე, რომელიც 11 პირის საქმეს სააპელაციო სასამართლოში განიხილავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიცაა 2020 წლის ოქტომბრიდან.








