ახალი ამბები

ქოლცენტრზე გამოძიების ფარგლებში დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

15 მაისი, 2025 •
ქოლცენტრზე გამოძიების ფარგლებში დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს

შსს-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

გამოძიების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი. პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციის ცნობით, სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რის ფარგლებშიც ისინი დააკავეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განათავსეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება. სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული პირების ასევე, მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ“, — აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი