ახალი ამბები

სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტების დამსწრის სტატუსით შესვლას დაპირისპირება მოჰყვა

2 მაისი, 2025 •
სხდომათა დარბაზში შსს-ს იურისტების დამსწრის სტატუსით შესვლას დაპირისპირება მოჰყვა

დაპირისპირება იყო დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე სხვიტარიძისა და ანა ქავთარაძის საქმის განხილვის დაწყებამდე. ხმაური მოჰყვა სხდომის დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების დამსწრის სტატუსით შესვლას, რის გამოც თავად სხვიტარიძისა და ქავთარაძის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ნაწილმა ვერ მოახერხა შესვლა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შსს-ს წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, დარბაზი დაეტოვებინათ. სხდომა კი დიდ დარბაზში გაგრძელდა.

რა ხდება?

თორნიკე სხვიტარიძე პროევროპულ აქციაზე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა. ანი ქავთარაძე კი პარტია “ახალის” წევრი. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელის შეურაცხყოფას.

ინციდენტი მოხდა 17 აპრილს, როცა საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი პოლიციელი, მირიან ქავთარაძე. დაცვის მხარე და სხვიტარიძის მხარდამჭერები მას ცრუ მოწმეს უწოდებენ და ირწმუნებიან, რომ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან შეძახილების ფონზე გააცილეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ანი ქავთარაძესა და თორნიკე სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავება და მათ სამართალდამრღვევად ცნობას მოითხოვს.

სხდომა თავდაპირველად მცირე დარბაზში დაინიშნა. დაწყებამდე დარბაზის წინა რიგები დაიკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებმა, რომლებიც იქ როგორც დამსწრეები, ისე შევიდნენ. მათ შორის იყვნენ თინათინ კაჭკაჭიშვილი და მარიამ დოლიძე.

მართალია, ღია სხდომაზე დასწრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ პრობლემა იქმნება მაშინ, როცა დარბაზის სიმცირის გამო სხდომას ვერ ესწრებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომელთა საქმეც განიხილება.

ამის მიუხედავად, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დარბაზის წინა რიგებს შსს-ს წარმომადგენლები იკავებენ. ეს ძირითადად ხდება სისხლის სამართლის საქმეებზე. დარბაზში შედიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კაცები, რომელთა შორის ჟურნალსტებსა და აქტივისტებს არაერთხელ ამოუცნიათ მოქმედი პოლიციელები. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიციელი კაცების ნაცვლად დარბაზის წინა რიგების დაკავება სცადეს შსს-ს იურისტმა ქალებმა.

ისინი ძირითადად არ პასუხობენ მედიის კითხვებს, ვინ არიან და რა სტატუსით ესწრებიან სხდომას. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამის უფლება ისევე აქვთ, როგორც ნებისიმერ სხვა ადამიანს.

ასევე, დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ დარბაზის სიმცირისა და სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში, მანდატურები პრიორიტეტს ანიჭებენ ბრალდებულთა და სავარაუდო სამართალდამრღვევთა ოჯახის წევრებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. თუმცა, როცა ადგილებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული შსს-ს თანამშრომლები იკავებენ, მანდატურები, ჩვეულებრივ, დარბაზიდან არა მათ, არამედ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაყვანას ცდილობენ.

გუშინ,  პირველ მაისს განიხილეს პარტია “ახალისა” და პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის საქმე. მათაც, ისევე როგორც ანი ქავთარაძეს და თორნიკე სხვიტარიძეს, შსს მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

შსს-ს იურისტებმა, თამთა კიმბარიშვილმა და მაია წიწილაშვილმა მათი პატიმრობა მოითხოვეს. მოსამართლე დავით თეთრაულმა ისინი 4000-4000 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი