ახალი ამბები

ვისთვის მარტივდება პასპორტის აღების პროცედურა

8 ნოემბერი, 2010 • • 1007
ვისთვის მარტივდება პასპორტის აღების პროცედურა

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ელექტრონული ფორმით გაიარონ საკონსულო აღრიცხვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საიტზე წერია. 

მომსახურება უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, საზღვარგარეთის პასპორტი, ელექტრონული ფორმის შევსების შემდეგ, საკონსულოში მიუსვლელად, ფოსტის საშუალებით მიიღონ.

ცვლილებები შედის “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში.

კანონპროექტი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა ლაშა თორდიამ გააცნო. წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილებები 14 წელს მიღწეული მოზარდებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასაც შეეხება. ცვლილებების თანახმად, 14 წლის ასაკის ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, მშობლების მინდობილობის გარეშე აიღონ პირადობის მოწმობები.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა მოიწონა წარმოდგენილი ცვლილებები, თუმცა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი შესაბამისობაში  უნდა მოვიდეს უკვე მოქმედ კანონმდებლობასთან. ლაშა თორდიას განცხადებით, კომიტეტის მიერ მომზადებული შენიშვნები II მოსმენისთვის სრულად იქნება გათვალისწინებული.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი