ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც დღეს, 25 აპრილს განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან საერთოდ მიდის, ბრიფინგზე ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ სამომავლოდ როგორც ოპოზიციონერი, ისე დაბრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.
“ვის უნდა დავუპირისპირდე?!”, – იკითხა ღარიბაშვილმა, რომელმაც მანამდე არაერთგზის გადაუხადა მადლობა და აქო ბიძინა ივანიშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, ხმები მისი ოპოზიციაში გადაბარგების შესახებ არის წმინდა წყლის სპეკულაცია, რასაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილს თავად აქვს ნათქვამი წარსულში, რომ სურს, მის მთავრობას ოპოზიცია თავად შეუქმნას და სწორედ აქედან მოდის მოსაზრებები, რომ შეიძლება ამ ფსევდოოპოზიციური პარტიის ლიდერი ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილი
ღარიბაშვილის თქმით, ამჟამად მისი უმთავრესი მოტივაციაა, რომ პოლიტიკიდან წავიდეს, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს და “დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს”. ექსპრემიერის თქმით, ახლა ზუსტად არ იცის, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა ეს იქნება კერძო სექტორი, ანუ ბიზნესი.
კითხვას, გამორიცხავს თუ არა, მომავალში კვლავ დაბრუნდეს პოლიტიკაში, მან თქვა, რომ ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, თუმცა ამჟამად, როგორც პროცესს უყურებს, პოლიტიკაში დაბრუნება მის სურვილებში და გეგმებში არ შედის.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდა. ის იყო შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი. 2015 წელს პოლიტიკიდან წავიდა. პოლიტიკაში 2019 წელს დაბრუნდა ჯერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ხოლო შემდეგ- პრემიერის.