რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ განცხადებას 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ.
ზახაროვამ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს მოუწოდა, შეხედონ რიცხვებს და არა ლოზუნგებს, გაიხსენა ბრიტანეთის გამოცდილება და ივარაუდა, რომ 2030 წლისთვის შეიძლება არც არაფერი იყოს გასაწევრიანებელი.
„მთავარია, რომ მათ, ვინც 2030-ში ან სხვა წლებისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მაგ დროისთვის ჰქონდეთ სადმე გასაწევრიანებელი. უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რაიმე კარგი კავშირიდან ბრიტანეთი არ გამოვიდოდა“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთი და საქართველო აშენებენ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, ორმხრივად მომგებიან ურთიერთობებს.
მისი თქმით, მოსკოვმა არაერთგზის გამოავლინა თავისი კეთილი ნება და ისწრაფვის საქართველოსთან საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის აქტივიზაციისკენ.