აღდგომის ღამეს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამ ინფორმაციას ორთოიძის ცოლი, ნათია ბუკია ავრცელებს.
“5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის! ვიღაცა მერე მეტყვის, არა უშავს, მთავარია მეტი არ მიუსაჯესო. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა!”, – წერის ბუკია სოციალურ ქსელში.
20 აპრილს აღდგომა უწყვეტი პროევროპული აქციების 144-ე დღეს დაემთხვა. დემონსტრანტები პარლამენტის წინ ამ დღესაც შეიკრიბნენ. მათგან სამი – გიორგი ორთოიძე, მიხეილ სამხარაძე და ლაშა დგებუაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
“23 საათზე ქმარი ხელიდან წამართვეს იმიტომ, რომ თურმე ტროტუარზე დგომა აღარ არის საკმარისი! ტროტუარიდანაც უნდა გადავწეულიყავით! რომ მიჰყავთ, ვიდეოში ისმის, რა საჭიროა ეს, ისედაც წამოგყვებითო! მე დავრჩი ერთ ადგილას, არც გავყევი, არ გავნძრეულვარ და ჯიუტად ვიცავდი ჩემს კანონიერ უფლებას, რომ ვმდგარიყავი ტროტუარზე! ბოლოს მითხრეს, კარგი, იდექიო…”, – ასე იხსენებს მომხდარს ნათია ბუკია.
