ახალი ამბები

შსს ახალ დეტალებს ავრცელებს პოლიციელზე, რომელმაც უწყების ცნობით, ერთ თვალში მხედველობა დაკარგა

16 აპრილი, 2025 •
შსს ახალ დეტალებს ავრცელებს პოლიციელზე, რომელმაც უწყების ცნობით, ერთ თვალში მხედველობა დაკარგა

შსს დამატებით ინფორმაციას ავრცელებს პოლიციელზე, რომელმაც უწყების განცხადებით, 29 ნოემბერს აქციაზე საგნის მოხვედრის გამო ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პოლიციელის სახელი და გვარია გიორგი ზაბახიძე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა დეტექტივმა – გიორგი ზაბახიძემ, გასული წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, აქციის მონაწილეთა მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, თვალის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული სამართალდამცველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაეწია. ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბლაგვი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა. თბილისში რამდენიმე კლინიკის შესაბამისი პროფილის მედიკოსების დასკვნებით დადგინდა, რომ თვალი ოპერაციას და განკურნებას არ ექვემდებარება, რის შემდგომაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სამედიცინო მასალა გადაიგზავნა ავსტრიის, ისრაელის და თურქეთის რამდენიმე კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დამატებითი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარების მიზნით გაიგზავნა ანკარაში, კლინიკა ”გიუვენში” და სტამბოლში, კლინიკა ”აჯიბადემში”, თუმცა კლინიკების წამყვანი ოფთალმო – ქირურგების დასკვნით მხედველობის აღდგენა შეუძლებელია. მიღებული დაზიანების შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

15 აპრილის, საღამოს საათებში, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პოლიციელს თვალი აქციის მონაწილის ნასროლი ბლაგვის საგნით დაუზიანდა. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად და სხვა დეტალების დასაზუსტებლად უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა.

შსს-ში პოლიციელის მხედველობის დაკარგვის ფაქტი დაგვიდასტურეს. თუმცა ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხები ამ ამბავზე გაჩენილ არაერთ კითხვაზე. მაგალითად:

  • როგორ ადასტურებენ, რომ პოლიციელი ნამდვილად აქციის მონაწილის მიერ ნასროლი ბლაგვი საგნით დაზიანდა?
  • ეს მხოლოდ შსს-ს ვერსიაა თუ დადასტურებული ფაქტი?
  • იმსჯელა თუ არა ამაზე უკვე სასამართლომ?
  • რატომ არ გაავრცელეს კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ აქამდე?

4 თვეზე მეტია გვიდა, რაც ქვეყანაში საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში შსს მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას სავარაუდოდ დაზარალებულ პოლიციელებზე. თუმცა არცერთ მათგანს საჯაროდ არ უსაუბრია.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 50-ზე მეტ პირს შორის რამდენიმეა, რომელსაც უწყება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თუმცა ამ საქმეებში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელების დაზიანებები ლოყის გაწითლებას, ან ბეჭის არეში ტკივილს არ სცდება. ამ ადამიანებს ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე თავდასხმა – აქვთ წარდგენილი და არა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება, სწორედ იმიტომ, რომ მათ ქმედებებს ვინმეს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოუწვევია.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმეზე დაკავებულ 19 პირის საქმეში 40-მდე პოლიციელია დაზარალებულად ცნობილი. თუმცა ვერც ერთი ვერ უთითებს რომელიმე ბრალდებულზე. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს კონკრეტულ ადამიანს, ვისი ქმედების შედეგადაც დაზიანდა თავად, მისი რომელიმე კოლეგა ან ინფრასტრუქტურა.

ამის პარალელურად, აქციების 139 დღის განმავლობაში შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ სასტიკად ნაცემია ათობით მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებსაც თავს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ. სპეცრაზმელების მიერ მოქალაქეებზე ძალადობა ხდებოდა პირდაპირ ეთერშიც. დაკავებული მოქალაქეები ჰყვებიან წამებასთან გათანაბრებულ, არაადამიანური მოპყრობის შესახებ უშუალოდ პოლიციის განყოფილებებში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც იძიებს პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ათობით საჩივარია შესული. თუმცა უწყებას ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი