უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ორი ახალი კორპუსი შექმნა. მათ უხელმძღვანელებენ მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო (რედისი) და „ქარტიის“ მე -13 ოპერატიული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ობოლენსკი (კორნეტი).
ეროვნული გვარდიის მეთაურის, ბრიგადის გენერლის, ალექსანდრე პივნენკოს თქმით, დავალებების უკეთ შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კორპუსის მეთაური იყოს მისი ქვედანაყოფების უშუალო ლიდერი და იცნობდეს ბრიგადის ხელმძღვანელებს.
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კორპუსის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას სამხედროებს შორის, გაზრდის ჯარების მოქნილობას და სტაბილურობას და, ზოგადად, არმიას უფრო ეფექტურს გახდის.
თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლისა და კორპუსის შექმნის გეგმა. კორპუსი არის ორი ან მეტი დივიზიისგან შემდგარი ტაქტიკური საჯარისო დაჯგუფება, რომელშიც ათეულობით ათასი ჯარისკაცი შედის. რეფორმა ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასთან ომის გამოცდილებას, სწრაფი მანევრირების აუცილებლობას, მტრის თავდასხმებზე წინააღმდეგობის გაწევას, დიდი ტერიტორიების ფლობის შესაძლებლობას და ა.შ.
დენის პროკოპენკო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მარიუპოლის ბრძოლებიდან. ის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ მცველებს მეთაურობდა. პროკოპენკო თავის თანამებრძოლებთან ერთად საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა, თუმცა უკრაინამ მათი დახსნა მოახერხა და გაცვალა პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკში.
„ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სამხედრო საქმისა. ჩემი გული, სული, სხეული „აზოვს“ ეკუთვნის“, — განაცხადა პროკოპენკომ ბრიგადის მებრძოლებთან შეხვედრისას ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ.