„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის ჩანაცვლება მამუკა მდინარაძით იგეგმება.
„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია და მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ“ ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნებ მისთვის არ უცნობებიათ, რომ შს მინისტრად ნიშნავენ, მდინარაძე ასე პასუხობს:
„იმას რომ ჰკადრებთ ნებისმიერ ადამიანს, მე კი არა, ჯერ თქვენთვის არ უცნობებიათ ამ ცვლილების შესახებო, ანუ მონასაც კი არ ეუბნებოდნენ ამას, რომ მის ბედს ისე წყვეტდნენ, რომ მან არც კი იცოდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრად მის დანიშვნაზე საუბარი არც კი ყოფილა.
როგორც მდინარაძე ამბობს, რომც შესთავაზონ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა, ამ თანამდებობაზე ვერ გადავა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს ცალკე პარტიასა და ცალკე პარლამენტში.
„ვერ გადავალ, პირდაპირ გეუბნებით, ვახო გომელაური რომ არ იყოს- ჯერ ერთი, ჩემი მეგობარია და პროფესიონალი ადამიანი- იმხელა საქმე მაქვს, იმდენი, ცალკე პარტიაში, ცალკე პარლამენტში, რომ იყოს მსგავსი საკითხი აღმასრულებელ ორგანოში, დღეს, ალბათ, შეიძლება ვერც კი მოვახერხო გადასვლა, თეორიაში მოგყვებით. თქვენ, ალბათ, წარმოდგენა არ გაქვთ, რამხელა რაღაცა მაქვს დაკისრებული, გულწრფელად გეუბნებით, რაც ჩემს ახლობელთან ვილაპარაკე ამ დღეებში ამასაც კი გეუბნებით… იმხელა ფუნქციები მაქვს დაკისრებული როგორც პარლამენტში, ასევე პარტიაში, რომ დღეს ამ არჩევნების წინ წარმოუდგენელი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.