საქართველოში მცხოვრები ფრანგი ჟურნალისტი, კლიმენტ ჟირარდოტი წერს, რომ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს. როგორც ამბობს, მესაზღვრეებს მიზეზი არ განუმარტავთ. თუმცა ჟურნალისტი ამას უკავშირებს მის პროფესიულ საქმიანობას.
“ახლა უკვე შემიძლია ვისაუბრო იმის შესახებ, რაც 12 თებერვალს თბილისის აეროპორტში გადამხდა. მიუნხენიდან ღამით დაგვიანებული და დამღლელი ფრენის შემდეგ, როცა პასპორტის კონტროლის რიგში ერთ საათზე მეტხანს ველოდე, საქართველოს ტერიტორიიდან გამაძევეს.
პოლიციელმა მომცა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ ქვეყანაში შემოსვლა “სხვა მიზეზით” ამიკრძალეს და მითხრეს, რომ შესაძლოა მომავალში შევძლო დაბრუნება. შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტროს „წითელ სიაში“ იყო და ეს აკრძალვა დროებითი არ ყოფილა.
ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია და შესაძლოა ვერც ვერასდროს გავიგოთ, თუმცა ეს გადაწყვეტილება უდავოდ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, როგორც ჟურნალისტს — იმ დროს, როცა ჩემს ქართველ კოლეგებს და დამოუკიდებელ მედიას დიდი პოლიტიკური ზეწოლის ფონზე უწევთ მუშაობა, და როცა მოქალაქეებს სასტიკად ავიწროებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავენ.
2012 წლიდან ვწერ საქართველოზე. ამ წლების განმავლობაში შევხვდი სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური ფენის ადამიანებს. თითქმის ყველა კუთხეში ვიმოგზაურე და ყველგან თბილად მიმიღეს. 28 ნოემბრის შემდეგ ჩემი სამუშაო ძირითადად კონცენტრირდა რეპრესიების მსხვერპლებზე — მჯერა, რომ როგორც ჟურნალისტმა და როგორც საქართველოს მეგობარმა, ჩემი მოვალეობა შევასრულე.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ ამიკრძალა საქართველოში შემოსვლა, რადგან სურს, რომ თავისი ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა საზოგადოების თვალისგან მოშორებით განახორციელოს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს. მე გავაგრძელებ საუბარს ქართველი ხალხის ბრძოლასა და მათ ტკივილზე. და, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდები თბილისში”, – წერს ჟირარდოტი.
კლიმენტ ჟირარდოტი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ბინადრობს უფლებაც აქვს. ჰყავს ქართველი ცოლი და შვილი.
ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როცა ევროპელ ჟურნალისტებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში აღარ უშვებენ. მათ შორის მათ, ვისაც იქამდე წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება აქვს.
ბოლოს ასეთი შემთხვევა 20 მარტს გახმაურდა, როცა ქვეყანაში აღარ შემოუშვეს ლიეტუველი უფლებადამცველი ქალი, რეჯინა ეგოროვა-ასკეროვა. ჟირარდოტის მსგავსად, ისიც წლებია საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, ჰყავს საქართველოს მოქალაქე ქმარი და შვილები.