ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში არ შემოუშვეს.
ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა დაწერა პლატფორმა X-ზე.
რეი ბეისლი საქართველოში წარსულშიც ყოფილა. მათ შორის აქტიურად აშუქებდა გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.
„დღეს, 19:30 საათზე, უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს“, – დაწერა ჩეხმა ჟურნალისტმა.
როგორც „სტუდია მონიტორი“ წერს, ბოლო შეტყობინებაში რეი ბეისლიმ მათ მისწერა და უთხრა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.
ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.