ახალი ამბები

„ოცნების“ დეპუტატი წინასწარ აცხადებს, რომ ლომჯარია, გიგაური, პატარაია გრანტზე ნებართვას ვერ მიიღებენ

8 აპრილი, 2025 •
„ოცნების“ დეპუტატი წინასწარ აცხადებს, რომ ლომჯარია, გიგაური, პატარაია გრანტზე ნებართვას ვერ მიიღებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი წინმსწრებად აცხადებს, რომ მთავრობა დონორ ორგანიზაციას არ მისცემს ნებართვას, ნინო ლომჯარიაზე, ეკა გიგაურზე ან ბაია პატარაიაზე „მორიგი რევოლუციური სცენარისთვის“ გასცენ გრანტი.

„როდესაც კონკრეტული დონორი ორგანიზაცია მიმართავს მთავრობას ამა თუ იმ გრანტის გაცემასთან დაკავშირებით, თუ მთავრობას დაარწმუნებს, რომ ეს საქმეს წაადგება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მთავრობის მხრიდან ვიზირება. ხოლო თუ ვერ დაარწმუნებს მთავრობას და ჩვენ დავინახავთ ნიშნებს, რომ ეს თანხა უნდა მოხმარდეს ლომჯარიას, გიგაურს, ქალბატონ პატარაიას და ა.შ. იმისთვის, რომ მორიგი რევოლუციური სცენარი მოაწყონ, რა თქმა უნდა, ამაზე ვიზირება არ იქნება. თუ მაინც გასცემს დონორი ორგანიზაცია ქალბატონ ლომჯარიაზე ამ თანხას, ქალბატონი ლომჯარია დაჯარიმდება ამ თანხის ორმაგი ოდენობით“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „კოლექტიური გიგაურები და ლომჯარიები“ „არასასურველ ორგანიზაციებს“ განეკუთვნებიან.

„კი ბატონო, ისინი არასასურველები არიან და ასეთ ორგანიზაციებს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ დააფინანსონ რევოლუციები ჩვენს ქვეყანაში“, — დასძინა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგ რეპრესიულ ცვლილებებს იღებს. ამჯერად მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღებას კრძალავს.

ამ თემაზე:

არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი