ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ან გათავისუფლება, ან სიკვდილი – აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

8 აპრილი, 2025 •
ან გათავისუფლება, ან სიკვდილი – აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თოფიგ იაგუბლუ, რომელიც 2025 წლის პირველი აპრილიდან შიმშილობს,  აცხადებს, რომ არ შეწყვეტს პროტესტს, სანამ არ გათავისუფლდება ან არ მოკვდება.

იაგუბლუმ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა 9- წლიანი პატიმრობის წინააღმდეგ, რომელიც 2025 წლის 10 მარტს თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებაში მიუსაჯეს. პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მტკიცებულებები არ არსებობს.

როგორც გამოცემა “კავკზსკი უზელი” წერს, იაგუბლუ ამჟამად მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება – შიმშილობის ერთი კვირის განმავლობაში მან 6 კილოგრამი დაკარგა და დასუსტებულია, თუმცა განაგრძობს პროტესტს.

ოპოზიციურმა პარტიამ „მუსავათი“, რომლის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილეა იაგუბლუ, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა. პარტიის განცხადებით, თოფიგ იაგუბლუ სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით საზოგადოებაში და წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ყარაბაღის ომის დროს. პარტიაში შიშობენ, რომ იაგუბლუს სიკვდილი სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და გაამწვავებს შიდაპოლიტიკურ ვითარებას.

„ტრაგიკული სცენარის თავიდან ასაცილებლად და სამოქალაქო თანხმობის სახელით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს დიალოგი მისი გათავისუფლებისთვის“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

იაგუბლუს პოლიტპატიმრად მიიჩნევს Amnesty International. მის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა აშშ-ის კონგრესვუმენმა ელეონორ ჰოლმს ნორტონმაც, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სთხოვა, იაგუბლუს გათავისუფლების საკითხი დააყენოს.

ეს არ არის იაგუბლუს პირველი შიმშილობა. 2023 და 2020 წლებშიც, დაკავების პირობებში, მან შიმშილობით გამოხატა პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. წინა შემთხვევებში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფონზე კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა იქაც აგრძელებდა პროტესტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი