ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ეხმაურება “ოცნების” რეპრესიულ კანონებს

3 აპრილი, 2025 •
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ეხმაურება “ოცნების” რეპრესიულ კანონებს

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებულ რეპრესიულ კანონებს. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციები აძლიერებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ასევე თანასწორობისთვის შექმნილ რისკებს, ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს და სამოქალაქო სივრცეებს.

კომიტეტი მოუწოდებს პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების გამო, რომლებიც აძლიერებს რისკებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და სამოქალაქო სივრიცისთვის და ახშობს პოლიტიკურ პლურალიზმს. მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ვალდებულებები”, – ვკითხულობთ კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველ აპრილს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მიმართული კანონები.

კერძოდ, „ოცნების“ პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის შესახებაც მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ის არის ამერიკული FARA-ს ანალოგი და კანონი სიტყვასიტყვით ნათარგმნია. ასევე, ორი კანონი მედიის წინააღმდეგ:

  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებათა ერთი ნაწილი ტელე და რადიომაუწყებლობის შინაარსის რეგულირებას უკავშირდება.შინაარსის რეგულირება მაუწყებელთა ონლაინპლატფორმებზეც გავრცელდება.
  • „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული კიდევ ერთი ცვლილებით ტელევიზიებისა და რადიოებისთვის უცხოური დაფინანსების მიღება აიკრძალა, რაც ისედაც კრიზისში მყოფი კრიტიკული ტელევიზიების მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სამშობლოს ღალატის მუხლი; ყველა კანონიდან ამოიღეს სიტყვა “გენდერი”; საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სავალდებულო აღარ იქნება; საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს აეკრძალებათ აკადემიური საქმიანობა ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.

ფოტო: ვოლტერ ტურკი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში

მასალების გადაბეჭდვის წესი