სომხეთში სამუშაო ვიზიტის შემდეგ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აზერბაიჯანს ეწვია.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრას მართავს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობი საკითხებს განიხილავენ,
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, “2025 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანიდან გერმანიაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 500 ათასი ტონა შეადგინა, რაც 276.5 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია – აღნიშნულ პერიოდში გერმანია მეორე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც აზერბაიჯანმა ნავთობის უდიდესი მოცულობა გაიტანა”.
“ბოლო წლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, აქტიურად ახორციელებს საგარეო პოლიტიკის კურსს, რომელიც საერთაშორისო კავშირების გაფართოებას ისახავს მიზნად, მათ შორის გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ბერლინში ერთ-ერთი ვიზიტისას, პრეზიდენტი ალიევი შეხვდა გერმანიის 30 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებს და მათთან განიხილა აზერბაიჯანში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ გერმანია აცნობიერებს ბაქოს ეკონომიკურ პოტენციალს და რეგიონში მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს”, – წერს trend.az
ორი დღის წინ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ელკე ბუდენბენდერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა ანა ჰაკობიანმა სომხეთის მთავრობის შენობაში უმასპინძლეს. ამასთან, სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გაფართოებულ შემადგენლობაში შეხვდნენ ერთმანეთს.