პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება და 12 მარტიდან შიმშილობს, მორიგ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ ციხის ექიმებს კვლევებსა და მკურნალობას უკრძალავს, რადგან მათთან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
ჩიკვაიძე ამერიკის ელჩს სთხოვს, ციხეში მოინახულოს. იგი წერს, რომ ელჩისთვის „რაღაც აქვს სათქმელი, რაც პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“ ეხება.
გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ პროცესზე ჩიკვაიძე არ მიუყვანიათ. მიუხედავად იმისა, რომ წინა წერილით საჯაროდ ითხოვა, ნებისმიერ ფასად და ყველა მიზეზგარეშე მიეცათ მისთვის პროცესზე დასწრების საშუალება. ჩიკვაიძის ადვოკატმა გიორგი ყაველაშვილმა დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა და პროცესი საბოლოოდ 17 აპრილს, 11 საათზე დაინიშნა.
„დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს. შეთანხმებისამებრ, სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა, ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად. უეცრად, ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება.
მე ვითხოვდი, შეთანხმებისამებრ, სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც, მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს. ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს, მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში. შემდგომ ბადრაგს უთხრა, უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს.
ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იმავენაირად არის ამ პროცესის მონაწილე, როგორც პროკურორი და მოსამართლე. მიზანიც ცხადი იყო, რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ.
პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში. კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.
ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, სანამ შემიძლია კომუნიკაცია.
ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემ მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ან თქვენ მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი. თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი, რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, — წერს ჩიკვაიძე.
გიორგი ჩიკვაიძემ წინა წერილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, აღნიშნა, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული აქვს და მარცხენა თვალით ვეღარ ხედავს. მდგომარეობის სიმწვავეს ის უკავშირებს 13 მარტის „საბედისწერო ღამეს“, რომლის დეტალებიც აქამდე არ გაუსაჯაროებია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.
პატიმრის დედის, ეკა წერეთლისა და ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის ცნობით, მოშიმშილე პატიმართან ციხის საავადმყოფოში 22 მარტს ორი პირი შევიდა, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და მასზე ზეწოლა სცადეს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გიორგი ჩიკვაიძესთან სისტემატურად შედის აპარატის წარმომადგენელი და დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებენ.
წაიკითხეთ ასევე:
ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე