ახალი ამბები

ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე

24 მარტი, 2025 •
ვეღარ გადავადგილდები, მარცხენა თვალით ვეღარ ვხედავ — გიორგი ჩიკვაიძე

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება და 12 მარტიდან შიმშილობს, წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული აქვს და მარცხენა თვალით ვეღარ ხედავს.

მდგომარეობის სიმწვავეს ჩიკვაიძე უკავშირებს 13 მარტის „საბედისწერო ღამეს“, რომლის დეტალებსაც არ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძე 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.

„მეცამეტე დღეა, ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის, რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს, ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს, მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე! რამდენადაც ფიზიკურად ვარ ამ მდგომარეობაში,იმდენად მყარად ვარ შინაგანად.
დღეს მე აქედან რაც შემიძლია, ის არის, რომ ყველაზე ძვირფასი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გავიღო, ეს არის ღირსების საკითხი და არა თვითმკვლელობა. გაუფრთხილდით თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს ეს ადამიანები გმირები არიან“, — წერს გიორგი ჩიკვაიძე.

გიორგი ჩიკვაიძის მორიგი პროცესი 25 მარტს გაიმართება. ჩიკვაიძე გამოქვეყნებული წერილით ასევე ითხოვს, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ ნებისმიერი საშუალებით უზრუნველყოს მისი დასწრება სასამართლო პროცესზე.

11 მარტს დაკავებული ჩიკვაიძე, შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

პატიმრის დედის, ეკა წერეთლისა და ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის ცნობით, მოშიმშილე პატიმართან ციხის საავადმყოფოში 22 მარტს ორი პირი შევიდა, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და მასზე ზეწოლა სცადეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გიორგი ჩიკვაიძესთან სისტემატურად შედის აპარატის წარმომადგენელი და დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი