ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“შიმშილობის შემდეგ აფგანს ციხეში ისე კვებავენ, ჯანმრთელიც დაავადდება” – ცოლი

24 მარტი, 2025 •
“შიმშილობის შემდეგ აფგანს ციხეში ისე კვებავენ, ჯანმრთელიც დაავადდება” – ცოლი

აზერბაიჯანის მოთხოვნით საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, 161- დღიანი შიმშილობის შემდეგ მის ქმარს ციხეში “ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო” საკვებს აძლევენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.

“წინა კვირასაც მითხრა ამის შესახებ, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს, ვიფიქრე, გამოსწორდებოდა სიტუაცია. დღესაც ვესაუბრე და იგივეა. ფაქტობრივად მხოლოდ წყალზე და ჩაიზეა 161-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, საერთოდ ვერ ჭამს იმ საკვებს, რასაც აძლევენ. მისი თქმით, ამ საკვების მიღების შემდეგ, ჯანმრთელი ადამიანიც კი დაავადდება, არათუ მის მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, რომელსაც ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობა აღარ უვარგა. ციხეში არსებულ მაღაზიაში კი მხოლოდ წვენის და ორცხობილის მსგავსი საკვების ყიდვაა შესაძლებელი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, ადამიანმა ამდენი ხანი იშიმშილა და ამ მიდგომით ისევ რისკის ქვეშ აყენებენ მის ჯანმრთელობას. ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ სრულად გაანადგურონ ის ციხეში”, – უთხრა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს.

“აფგან სადიგოვს 161 დღის შიმშილობის შემდეგ სამედიცინო კვლევაც არ ჩატარებია”- ცოლი

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი