საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მის ქმარს 161 დღის შიმშილობის შემდეგ არც სამედიცინო კვლევები ჩატარებია და არც შესაბამისი მკურნალობა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საქართველოს აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. სადიგოვმა 161 -დღიანი შიმშილობა [როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული შიმშილობა] თებერვლის ბოლოს შეწყვიტა.
“დღეს ველაპარაკე, დამირეკა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობდა, სამედიცინო კვლევებიც კი არ ჩატარებია. მით უმეტეს, ისეც ძალიან სუსტადაა. მის ჯანმრთლობაზე ვშფოთავ. მხოლოდ დღიურ მსუბუქ საკვებს აძლევენ. ესაა და ეს. არ ვიცი, რატომ, თუმცა, ცხადია, ისევ დავალებას ასრულებენ. ივანიშვილის რეჟიმი ალიევის რეჟიმზე უარესია”, – ამბობს სევინჩ სადიგოვა.