ახალი ამბები

სტრასბურგის დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა მთავრობის საჩივარი მოსამართლის არაცილების საქმეზე

19 მარტი, 2025 •
სტრასბურგის დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა მთავრობის საჩივარი მოსამართლის არაცილების საქმეზე

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს დიდმა პალატამ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი საქმეზე „წულუკიძე და რუსულაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით, ასევე, გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ევროსასამართლომ, 5-წლიანი განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნია საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ წულუკიძისა და ლევან რუსულაშვილის მოთხოვნები საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევაზე, რაც დაკავშირებული აღმოჩნდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის პირველი საქმე, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა მოსამართლის და კოლეგიის შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის გამო დადგა“, — აცხადებს „ახალგაზრდა ადვოკატები“.

საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, რაც სახელმწიფომ დიდ პალატაში გაასაჩივრა.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველომ მომჩივნებს ვერ შესთავაზა სამართლიანი სასამართლო, რასაც ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწევს თითოეული მომჩივნისთვის 5100 ევროს გადახდა.

ზურაბ წულუკიძე და ლევან რუსულაშვილი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში 2016 წლიდან დავობდნენ მათი ყოფილი დამსაქმებლის, კომპანია „თელასის” წინააღმდეგ. იმის გამო, რომ პირველმა ორმა ინსტანციამ მომჩივნების ბოლომდე დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილებები ვერ მიიღო,  საქმე უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრეს და სწორედ იქ განვითარდა ის მოვლენები, რის გამოც საქართველომ სტრასბურგში წააგო საქმე.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მომჩივნები საქმიდან კონკრეტული მოსამართლეები აცილებას ითხოვდნენ, რაც ამ უკანასკნელებმა არ გააკეთეს და სწორედ ეს მიიჩნია სტრასბურგმა ინტერესთა კონფლიქტის წესის დარღვევად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ორივე მომჩივნის საქმე დამოუკიდებლად განიხილა 3 მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ. როგორც აღმოჩნდა, საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის, გიორგი მიქაბერიძის თანაშემწე გახლდათ “თელასის” იურისტის და, შესაბამისად, მომჩივანი მხარის უშუალო ოპონენტის შვილი, რაც ორივე აპლიკანტის თანახმად, ამ მოსამართლის ობიექტურობას აყენებდა ეჭვქვეშ. ასევე, მომჩივნების თანახმად, დანარჩენი მოსამართლეებიც პირადად ახლოს იცნობდნენ “თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსს, რომლის შვილიც ლევან მიქაბერიძის თანაშემწე იყო.

უზენაესმა სასამართლომ აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ თანაშემწის ფაქტორი მოსამართლეზე ავტომატურ ზეგავლენას არ ნიშნავს, ხოლო ნაცნობობის საკითხი არ იყო მოსამართლეებზე ზეგავლენის დამდასტურებელი ფაქტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი