ტრამპის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ათასობით ფაილი გამოაქვეყნა.
2 182 ფაილი, რომელიც 63 400 მეტი გვერდისგან შედგება, აშშ-ის ეროვნული არქივის ვებ-გვერდზე განთავსდა.
დონალდ ტრამპმა მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან მალევე, 23 იანვარს მოაწერა ხელი აღმასრულებელ ბრძანებას კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაციას დაახლოებით 80 000 გვერდის გამოქვეყნება აქვს დაანონსებული.
ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მრავალი ფაილი უკვე დეკლასიფიცირებულია, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გამოქვეყნებული 13 000 დოკუმენტი. თუმცა სამშაბათს გამოქვეყნებული ბევრი დოკუმენტი ადრე იყო რედაქტირებული.
ამერიკული მედიის ცნობით, გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ მკვლევრები გაეცნობიან ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლებიც მხოლოდ დანომრილია და არ არის დასათაურებული.
„მაგრამ არ არსებობს ნიშანი, რომ ფაილები შეიცავდეს „ბომბებს“, — ამბობს ერთი ადამიანი, რომელმაც უკვე ნახა ბევრი ჩანაწერი“, — წერს CNN.
აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი თავში გასროლით მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს, 46 წლის ასაკში, ტეხასის შტატში, დალასში, კაბრიოლეტით გადაადგილებისას. მკვლელობისთვის დააკავეს ლი ჰარვი ოსვალდი, ყოფილი საზღვაო ქვეითი და კომუნისტი აქტივისტი. ოსვალდი დალასის პოლიციის შენობაში ეტაპირებისას კამერების წინ მოკლა ჯეკ რუბიმ, ღამის კლუბების მეპატრონემ, რომელმაც თავისი საქციელი პატრიოტიზმით ახნა და თქვა, რომ სურდა, ჟაკლინ კენედისთვის ოსვალდის სასამართლო პროცესზე დასწრების ტკივილი აერიდებინა თავიდან.
გამოძიებამ დაასკვნა, რომ ოსვალდი, ისევე როგორც რუბი, მარტო მოქმედებდნენ, რაც ბევრს არ სჯერა. კენედის მკვლელობა მოცულია არაერთი კონსპირაციით.
სხვადასხვა თეორიები კენედის მკვლელობას უკავშირებენ კუბის ანტიკასტრო ბრიგადებს, CIA-ს, მაფიას ან ემხრობიან მრავალსაფეხურიან კომბინაციას, რომ მკვლელობა სხვადასხვა ჯგუფების ერთობლივი ინტერესის თანხვედრით დაიგეგმა.