ახალი ამბები

მერიის პიკეტირება გადაიდო — პროტესტის მე-18 დღე ჭიათურაში

17 მარტი, 2025 •
მერიის პიკეტირება გადაიდო — პროტესტის მე-18 დღე ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელთა და მუნიციპალიტეტის მცხოვრებელთა გამოსვლები გრძელდება. პროტესტის მე-18 დღეს ხალხი მერიის წინ არის შეკრებილი. დღეს მერიის შენობის პიკეტირება იყო დაგეგმილი. თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლები შენობაში ჭიათურელებმა შეუშვეს, თუმცა მოუწოდებენ მათ, რომ სანამ დრო არის, ხალხის გვერდით დადგნენ. მათი მოთხოვნა ხელფასის დაპირებული 60%-ის დაუყოვნებლივ ჩარიცხვაა.

მერიის შენობის პიკეტირებასთან დაკავშირებით მაღაროელი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ სარალიძე ამბობს, რომ გარკვეულმა პირებმა სთხოვეს, „ცოტა ხანს კიდევ მოთმინება შეენარჩუნებინათ“.

„ცოტა ხანს კიდევ გაძლევთ, მაგრამ ეს ცოტა ხანი არ იქნება კვირები. იქნება ერთი-ორი დღე. […] პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, რომ გაჩნდეს ხალხში იმედი, რაღაცა დალაგდება, უნდა ჩაირიცხოს ხელფასები დღესვე, რომ ხალხმა სახლში პური მიიტანოს. დღესვე დარიცხონ დაპირებული 60%, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს, რომ აზრზეც ვერ მოხვალთ“, — ამბობს სარალიძე.

დილის რვა საათიდან მერიასთან მობილიზებულია პოლიციის მანქანებიც, რადგან შეკრებისთვის სწორედ რვა საათიდან მოუწოდეს მაღაროელებმა ხალხს. მოწოდების საფუძველი იყო მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ მაღაროებში კოოპერატივები ორშაბათიდან სამუშაოების განახლებას აპირებდნენ.

ჭიათურელებმა 14 მარტს აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ მაღაროში სამუშაოები მიმდინარეობდა და მადანი გაჰქონდათ კიდეც შემოვლითი გზით.

„ყველა კარიერზე, ყველა კოოპერატივში მოვალთ, თუ აქამდე არ გააჩერეთ და ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებთ, აგრძელებთ ქალაქის დანგრევას და გადათხრას, არ ელოდებით, დალაგდეს სიტუაცია და ყველას შეგვეძლოს ლუკმა-პურის მიტანა ოჯახში. მორჩა მანგანუმის დამუშავება და გატანა ქალაქიდან!“, — ამბობენ მაღაროელები.

მიუხედავად იმისა, რომ მერიის შენობის პიკეტირება დღეს არ შედგა, ჭიათურელების გაღიზიანება გამოიწვია მერიის თანამშრომელთა ქცევამ, რომლებიც, როგორც მაღაროელები ამბობენ, დაცინვით უღებენ ფოტოებს შენობიდან. მაღაროელები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ კონკრეტული ადამიანების დაპატიმრება იგეგმებოდა, თუ პროტესტი გამწვავდებოდა.

„თუ მეტი არაფერი შეგიძლიათ, ჩამოდით და ქუჩაში ამ ხალხის გვერდით დადექით, ვინც დაგიქირავათ და დაგსვათ სკამებში, ვინც დღეს მშიერია. თქვით, რომ რაც შეგეძლოთ გააკეთეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ და ასეთი აღარც ხელფასი გინდათ. ეს განწყობა უნდა გქონდეთ, თუ ჭიათურელები ხართ და ქართული გული გიძგერთ. კონკრეტული გვარები ვიცით, პროტესტის შემთხვევაში, ვისი დაჭერა იყო დღეს დაგეგმილი, მაგრამ არ გაგივათ. არ წავალთ ციხეში. მოგიწოდებთ მერიის თანამშრომლებს. გრცხვენოდეთ, რომ ახლა სხედხართ და გგონიათ, რაღაცებს აწკაპუნებთ და საქმეს აკეთებთ. სხვა პრობლემები და დღის წესრიგია დღეს ჭიათურაში. დადგება დრო, მოგეკითხებათ იმ გულგრილობისთვის, რასაც სჩადიხართ. გადმოგვყურებთ მესამე-მეოთხე სართულებიდან და დამცინავად ვიდეოებს იღებთ. არ შეგიძლიათ შველა? გამოდით და დადექით ხალხთან“, — ამბობს ტარიელ მიქაცაძე, მაღაროელი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.


იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ხელფასს ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.

7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.

ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:

  • შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
  • გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
  • როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
  • ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
  • მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
  • გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი