ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის რუსეთივით არ იქცევა

16 მარტი, 2025 •
ზელენსკის თქმით, ვისაც ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს, ის რუსეთივით არ იქცევა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 1020-ზე მეტი დრონი, 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვისაც ომის დასრულება სურს, ის ასე არ იქცევა.

მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს.

“ასობით თავდასხმა ჩვენს ქალაქებსა და თემებზე ამ კვირაში: ჩერნიგოვის, ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, დნიპროს, ოდესის, პოლტავას, კიევის, მიკოლაივის, ზაპორიჟჟიასა და სუმის ოლქებში. რუსებმა თავდასხმისთვის 1020-ზე მეტი დრონი, თითქმის 1360 მართვადი საჰაერო ბომბი და 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

ვისაც უნდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ასე არ იქცევა. ჩვენ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა ვაიძულოთ ის, შეწყვიტოს მისი აგრესია. საჭიროა გარდამტეხი ზომები, მათ შორის სანქციები, რომლებიც არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ მუდმივად გაძლიერდეს.

უკრაინას, ევროპას, ამერიკასა და ყველას, ვისაც მშვიდობა სურს – ჩვენ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – წერს ზელენსკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი