ჭიათურაში მაღაროელთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მაღაროელებმა, პროფკავშირებისა და მაისის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა. აქციებზე გამომსვლელებს შორის იყო ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1-ლი მარტიდან მაღაროები სრულად დაიკეტა, რის შედეგადაც 3 500 ადამიანი უმუშევარი დარჩა. ისინი ითხოვენ, სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს პროცესში და აიღოს მაღაროების მართვის პასუხისმგებლობა.
„კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ მხარდაჭერისთვის, რაც დღეს ჭიათურაში ვაჩვენეთ! ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტი – სამართლიანი, ერთიანი და ძლიერი! ჩვენი ბრძოლის გაგრძელებისთვის, ორშაბათიდან ვწყვეტთ ლოიალურობას და გადავდივართ რადიკალურ ქმედებებზე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჭიათურიდან გავიდეს რაიმე ქონება, რომელიც ჭიათურელების შრომით არის შექმნილი; ასევე ის წიაღისეული, რაც ქალაქის ტერიტორიაზე მოიპოვება – იქნება ეს მარგანეცი, სილა, შებენი, ჯართი თუ სხვა მატერიალური ღირებულების ტექნიკა და რესურსი“, — ნათქვამია ჭიათურელ მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის გვერდ „მაღაროელის“ განცხადებაში.
ამასთან, მაღაროელები ითხოვენ ფინანსური მხარდაჭერას, „რათა ეფექტურად მართონ ბლოკ-პოსტები და მკაცრად ვაკონტროლოთ ჭიათურის გასასვლელები“.
იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება.
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.