ახალი ამბები

დროებითი ზავი უკრაინისთვის სულის მოთქმის საშუალებაა – პუტინის მრჩეველი

13 მარტი, 2025 •
დროებითი ზავი უკრაინისთვის სულის მოთქმის საშუალებაა – პუტინის მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო საუდის არაბეთში აშშ-თან გამართულ შეხვედრაზე, ამბობს, რომ უკრაინაში დროებითი ზავის შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინელი სამხედროებისთვის.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ესწრაფვის უკრაინის საკითხის გრძელვადიან დარეგულირებას, მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებით.

მისივე ცნობით, პრეზიდენტმა პუტინმა შესაძლოა დღეს უფრო კონკრეტულად შეაფასოს ეს ინიციატივა.

„მე მგონია, ამ სიტუაციაში მშვიდობიანი ნაბიჯების იმიტაცია არავის სჭირდება“, — განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ რეგულარულ სატელეფონო კონტაქტებს ინარჩუნებს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკ უოლცთან და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის აზრთა ნორმალური გაცვლა მიმდინარეობს.

უშაკოვის თქმით, შეერთებულ შტატებს ესმის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა.

11 მარტს საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინამ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი