ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაპატიმრებული ჟურნალისტების ფოტოებით პლაკატის გამო აზერბაიჯანში აქტივისტი დააპატიმრეს

12 მარტი, 2025 •
დაპატიმრებული ჟურნალისტების ფოტოებით პლაკატის გამო აზერბაიჯანში აქტივისტი დააპატიმრეს

აზერბაიჯანელ სამოქალაქო აქტივისტს რაუფ ჰეიდაროვს, რომელმაც პლაკატი აღმართა დაპატიმრებული ჟურნალისტების ფოტოებით, სასამართლომ 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

იქამდე რაუფ ჰეიდაროვმა Facebook-ზე გაავრცელა ფოტო, სადაც დგას პლაკატით დაკავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად  ჯაფარ ჯაბარლის ძეგლთან – დრამატურგის, რომელიც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში აზერბაიჯანში ქალთა განათლების მხარდამჭერი იყო.

რაუფ ჰეიდაროვი 8 მარტს ბაქოში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ცდილობდა გადაეღო ფოტო პლაკატით, რომელზეც დაპატიმრებული ჟურნალისტების ფოტოები იყო გამოსახული. 8 მარტს რაუფ ჰეიდაროვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა არ მისცეს პლაკატით ფოტოს გადაღების უფლება, შემდეგ კი დაიწყეს მისი დევნა. ის იმავე დღეს დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

მეგობრებისა და აქტივისტების ცნობით კი, რაუფ ჰეიდაროვი 10 მარტის შუადღიდან კონტაქტზე აღარ გამოდის.

ჰეიდაროვის ადვოკატმა ზიბეიდე სადიგოვამ 11 მარტს ოფიციალური ინფორმაცია მიიღო მისი ადმინისტრაციული დაკავების შესახებ – 10 დღით „მცირე ხულიგნობისა“ და პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

ადვოკატი გეგმავს, შეხვდეს ჰეიდაროვს ადმინისტრაციული პატიმრობის ცენტრში, რათა გაარკვიოს დაკავების დეტალები და გაასაჩივროს განაჩენი.

ამჟამად აზერბაიჯანში საპატიმროში იმყოფებიან AbzasMedia-ს თანამშრომლები სევინჯ ვაგიფგიზი, ნარგიზ აბსალამოვა, ელნარა გასიმოვა, Meydan TV-ის თანამშრომლები აინურ ელგიუნეში, აითაჯ თაფდიგი, აისელ უმუდოვა, ხაიალა აგაევა, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტი ფატიმა მოვლამლი (რომელიც დაკავებულია „Meydan TV-ის საქმესთან“ დაკავშირებით – რედ.).

მასალების გადაბეჭდვის წესი