ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ხვალ, 11 მარტს, დაინიშნა მის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა, სადაც პროკურატურა შედის შუამდგომლობით, რომ გირაო პატიმრობით შეიცვალოს.

შესაბამისად, გიორგი ჩიკვაიძე ტვ პირველთან აცხადებს, რომ მას ხვალ, შუადღით დააკავებენ.

ჩიკვაიძის თქმით, ეს არის პასუხის მისი მხრიდან სისტემის სრულ მხილებაზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ბოლო დღეებში ათეულობით მანქანა და ადამიანი ამხილა, რომლებიც სუს-ის დავალებით უთვალთვალებდნენ.

ბიზნესმენი ჩიკვაიძე დამფუძნებელია კომპანიებისა „აზიმუტ იახტები საქართველო“, „რამზეს იახტსი“ და „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“. ის წარსულში “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, მათ შორის საჯაროდაც.

„ოცნების“ ყოფილი მოკავშირე ბიზნესმენი ამბობს, რომ ბრალი წაყენებული აქვს თავის ბიზნესპარტნიორთან, ირაკლი პაპიაშვილთან ერთად. ის და პაპიაშვილი გათავისუფლებული არიან 100 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი, რომელზეც ჩიკვაიძე საუბრობს, მითვისებასა და გაფლანგვას ეხება და 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას ცდილობენ მას შემდეგ, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

პროკურატურა მას ედავება, რომ მოატყუა აჭარელი ბიზნესმენი, რომლისთვისაც იტალიიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა, თუმცა არც იახტა ჩამოუყვანია და არც ფული დაუბრუნებია.