ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა, საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ჰომოფობიური და ცენზურის დამდგენი კანონი.
მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოხატა, რომ კომიტეტის მითითებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ აამოქმედა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელიც მათ შორის კრძალავს ლგბტ(ქ)ი იდენტობების წახალისებას და ამ მიზნით საჯარო შეკრებებს.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმონ ეს კანონი და არ განაგრძონ შემდგომი პრაქტიკული ან საკანონმდებლო ნაბიჯების შემოღება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მიერ კონვენციის 46-ე მუხლით (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო აღსრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას დისკრიმინაციულ ნარატივზე და ცალსახად ებრძოლოს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის ყველა ფორმას, მათ შორის, უმაღლეს დონეზე ცალსახა ნულოვანი ტოლერანტობის გზავნილის გაკეთებით და დაუსჯელობის დასრულებით. მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გარანტირებული იყოს შეკრებისა და რელიგიის თავისუფლების ეფექტიანი განხორციელება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე“, — აცხადებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, ზემოაღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია 2025 წლის ივნისის ბოლომდე წარმოადგინონ.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ანტი-„ლგბტ(ქ)ი კანონმდებლობაზე რეაგირებისთვის ევროპის საბჭოს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ იდენტობის ჯგუფის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში მიმართა.
2025 წლის 4-6 მარტს გაიმართა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის (მოადგილეების დონეზე) ადამიანის უფლებათა შეხვედრების მორიგი სესია, რომელზეც კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ იდენტობის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესი შეაფასა.
მინისტრთა კომიტეტმა იდენტობის საქმეების ჯგუფზე შუალედური რეზოლუცია მიიღო, რაც, სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ამ საკითხის მიმართ კომიტეტის განსაკუთრებულ ყურადღებას უსვამს ხაზს. კომიტეტმა რეზოლუციაში ხაზი გაუსვა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლით განმტკიცებულ სახელმწიფოების ვალდებულებას, რომ სრულად, ეფექტიანად და სწრაფად აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად მოუწოდა:
- დააჩქაროს და დაასრულოს ყველა განახლებული გამოძიება და სასამართლო პროცესები თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში, ჩაატაროს აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ევროპული სასამართლოს დასკვნების შესაბამისად, მოახდინოს სისხლის სამართლის საქმეების სწორი კვალიფიკაცია, გამოყოს სიძულვილის მოტივი და მიანიჭოს ყველა მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი;
- აღასრულოს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და უზრუნველყოს ქობულეთში რელიგიური ორგანიზაციის მიერ პანსიონატის შეუფერხებელი გამოყენება.
საქმეების ეს ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ლგბტ(ქ)ი ადამიანების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევას, შეკრებების თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დარღვევას, ასევე კერძო პირების მხრიდან თემის წევრებზე ძალადობის საქმეების აშკარად არაეფექტიან გამოძიებას. იდენტობის საქმეების ჯგუფში ერთიანდება, მათ შორის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარმოებული საქმეები „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ქართველ მუსლიმთა ერთობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მოხესა და ქობულეთში ქართველი მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.