ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ კანონპროექტზე ევროსაბჭოს მიმართა

5 სექტემბერი, 2024 •
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ოცნების“ კანონპროექტზე ევროსაბჭოს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროპის საბჭოს სთხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ბოლო თვეებში ხელისუფლების მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც „ლგბტ(ქ)ი ადამიანებს პრაქტიკულად ართმევს საბაზისო პირად და ოჯახურ უფლებებს და გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლების უფლებებზე ცენზურას აწესებს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ანგარიშით „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში მიმართა. გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე აღსრულების პროცესში ორგანიზაცია საგანგაშოდ აფასებს ქვეყანაში ლგბტ(ქ)ი პირების უფლებრივ მდგომარეობას.

„იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეთა ჯგუფის აღსრულება მათ შორის მოიცავს სახელმწიფოს მიერ აიდაჰო შეკრების მონაწილეების უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების არასათანადო დაცვისა და არაეფექტიანი გამოძიების პრობლემას საქართველოში. აღნიშნული ჯგუფის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში, მინისტრთა კომიტეტი ზოგადი ღონისძიებების სახით, საქართველოს მთავრობას აიდაჰო შეკრების თავისუფლების სრულყოფილ დაცვასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს.

საქმეზე „ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლისა და აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურების უზრუნველყოფა დაავალა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი კომუნიკაციით, შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების მიერ ჰომოფობიის ოფიციალური პოლიტიკისა და დისკურსის ნაწილად ქცევასა და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებას, რომელიც მათ შორის, ზემოთ განხილული საქმეების აღსრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შესასრულებელ ვალდებულებებთან მოდის წინააღმდეგობაში. აღნიშნული კანონპროექტების ინიცირებით ლგბტ(ქ)ი ადამიანებს ხელისუფლება ნორმატიულად ზღუდავს იმ უფლებებს, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანებს არასდროს ჰქონიათ, მათ შორის სქესის სამართლებრივი აღიარება, სამოქალაქო პარტნიორობის უფლება, სქესობრივი განათლების შესაძლებლობა და ა.შ“, — ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტები ლახავს არა მხოლოდ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებებს, არამედ პირთა ფართო წრის გამოხატვისა და შეკრების, ასევე განათლებისა და აკადემიური თავისუფლების უფლებას და ის შეეხება ისეთ პროფესიულ და სოციალურ ჯგუფებს, როგორიცაა, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ლექტორები, გამომცემლები, არტისტები, მასწავლებლები, მკვლევრები და ა.შ. ორგანიზაცია განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული და გამოხატვის გამო მოქალაქეების კონტროლისა და დასჯის თვითნებურ და ტოტალიტარული ტიპის წესს ადგენს“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს, რომ არ დაუშვას აღნიშნულ საქმეებზე ზედამხედველობის პროცესის შეწყვეტა და მოუწოდებს, რომ დაგმოს სახელმწიფოს მიერ ლგბტ(ქ)ი ჯგუფის სისტემური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის პოლიტიკა, მათ შორის, ჰომოფობიური კანონების მიღება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ უფლებებთან და სულისკვეთებასთან და საქართველოს წინააღმდეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებებთან.

პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი