ახალი ამბები

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა

5 მარტი, 2025 •
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროევროპული აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება ახალბედა მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ორი თვეა რაც შეუდგა, აქციის მონაწილეების საქმე კი გუშინ დაეწერა. მიუხედავად ამისა, შვანგირაძე ირწმუნებოდა, რომ 13-ტომიანი საქმის გაცნობა მოასწრო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე. მან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 11 პატიმარი კვლავ ციხეში დაეტოვებინა 10-საათიანი სხდომის შემდეგ მიიღო.

როგორც ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, აღკვეთის ღონისძიების შემსუბუქების არანაირი საფუძველი არ გამოვლენილა, ხოლო განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაღალი საფრთხის გამო, წინასწარი პატიმრობის გარდა, სხვა ზომის გამოყენება მიზანშეწონილი არაა.

მიღებული გადაწყვეტილებით წინასასამართლო სხდომა არ დასრულებულა. მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, რომელიც 5 მარტის სხდომაზეც უნდა განხილულიყო, ორშაბათს, 10 მარტს განიხილება.

პროევროპული აქციების 11 მონაწილეს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ჯანო არჩაიას, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგი კუხარჩუკს ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში, ამ შემთხვევაში, პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ თემაზე:

ვინ არის ახალბედა მოსამართლე, რომელსაც 11 დემონსტრანტის საქმე დაეწერა

რა ხდებოდა სხდომის მიმდინარეობისას?

სასამართლო სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ მაინც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. ის დიდ, 150-კაციან დარბაზში იმართებოდა, თუმცა ბრალდებულთა გულშემატკივრები სრულად აქაც ვერ დაეტივნენ.

სხდომის გახსნისთანავე, დაცვის მხარემ არაერთხელ დასვა კითხვა, თუ რატომ აიცილა საქმის წინა მოსამართლემ ნინო თარაშვილმა აღნიშნული საქმე და რატომ გადაეცა ის წინა დღეს ირაკლი შვანგირაძეს, თუმცა მათ ამაზე პასუხი არ მიუღიათ. როგორც დაცვის მხარემ არაერთხელ განმარტა, საქმეში ჩართულმა მხარეებმა არსებული მასალების გაცნობა მინიმუმ ხუთი დღით ადრე უნდა დაიწყონ. ის, რომ მოსამართლეს საქმე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე დაეწერა, დაცვის მხარეს უჩენდა ეჭვს, ხომ არ იცოდა მან მისაღები გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ.

მიუხედავად აცილების მოთხოვნისა, დაცვის მხარის ადვოკატებმა მოსამართლეს არაერთხელ განუცხადეს, რომ მას აძლევდნენ შანსს, სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო.

“ჩვენ გაძლევთ საშუალებას, რომ ჯერ არმიღებული გადაწყვეტილება მიიღოთ კარიერის დასაწყისში”, – ამბობდნენ ადვოკატები.

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა პროკურორების ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილის აცილებაც, რადგან თოდუა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სანქციებულ პროკურორთა სიაშია, ხოლო რაც შეეხება ცალუღელაშვილს, ის ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, “დასანქცირების კანდიდატია”. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მე-6 დღეა შიმშილობს. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სიტყვის წარმოთქმისას ის დარბაზიდან გააძევეს ფრაზისთვის “ცეცხლი ოლიგარქიას”. კიკნაძე ამ სხდომაზეც ალეგორიულად ცდილობდა სათქმელის გადმოცემას, რის გამოც მას მოსამართლემ არაერთხელ შეაწყვეტინა საუბარი და შენიშვნა უთხრა.

გარდა ამისა, რეზო კიკნაძემ აღნიშნა ისიც, რომ დაკავების დროს სამართალდამცველები სხვადასხვა გვარებს ეუბნებოდნენ და აიძულებდნენ, რომელიმე დაესახელებინა “დანაშაულის ორგანიზატორად”. ბრალდებულის თქმით, ორგანიზატორი თავად ირაკლი კობახიძეა.

“როცა დამიჭირეს, პოლიციელები მეუბნებოდნენ სხვადასხვა გვარს, რომ დამესახელებინა ესა თუ ის ორგანიზატორად. რანაირად უნდა დამესახელებინა, როცა არ არსებობს. თუ გინდათ, დავასახელებ ორგანიზატორს და თუ გსურთ, დაიჭირეთ – ეს არის ირაკლი კობახიძე. მე, პირადად, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის სიტყვის მერე გამოვედი აქციაზე”, – თქვა რეზო კიკნაძემ.

სიტყვით წარდგნენ სხვა ბრალდებულებიც – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და ირაკლი ქერაშვილი. არც ისინი და არც საქმის სხვა ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

“ჯგუფურობაზე მერე ვილაპარაკებ. კონკრეტულად რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშავა, ეგ არის გაუგებარი. ჯგუფურობას არ სჭირდება ნაცნობობაო და ერთმანეთის ცნობაო, ესეც ახალი გამოგონებაა. როგორ შეიძლება ჩვენ გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს”, – ამბობს ანდრო ჭიჭინაძე.

“ტელევიზორში ვნახე ციხეში, როგორ ამოუღეს ერთ ადამიანს სახლიდან კალაშნიკოვები, მთელი შეიარაღება. მისი ბრალი 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა გვემუქრება. იმის ბრალი ცოტათი ჯობია ამას. გამოდის, რომ ჯობდა მთელი შეიარაღება მქონოდა სახლში, ვიდრე აქციაზე ვმდგარიყავი?”, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.

სხდომის მიმდინარეობისამ პროკურატურამ არაერთხელ გაიმეორა, რომ მათ ჰქონდათ ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანდა, რომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთად ჩანან. აღნიშნულმა ბრალდებულ ჯანო არჩაიას გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც მოსამართლე შვანგირაძემ ის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

“სად ვჩანვარ, სად ვჩანვარ. ამდენჯერ თქვით ჩანხარო და მანახეთ, სად? სამი თვე მოგეცით, საკმარისი მტკიცებულებები უნდა შევაგროვოთო და ვერაფერი მოიტანეთ. დამიმტკიცეთ, რომ ვჩანვარ და თუ ეგრეა, არ მრცხვენია მე მაგის. კი, იქ ვიყავი და ახლა, დღეს რომ გამიშვათ აქედან, ახლაც იქ წავალ და დავდგები”, – ამბობდა ბრალდებული.

ჯანო არჩაიას გაძევების შემდეგ შეუძლოდ გახდა მისი მეუღლეც, რის გამოც მოსამართლემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

ადვოკატებმა და დანარჩენმა ბრალდებულებმა მოითხოვეს ჯანო არჩაია რაც შეიძლებოდა მალე დაებრუნებინათ სხდომათა დარბაზში. ბრალდებულების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავადაც დატოვებდნენ დარბაზს. ჯანო არჩაიას მიმართ სოლიდარობას და ბრალდებულების განცხადებებს დარბაზი ტაშით შეხვდა, რა დროსაც მოსამართლემ დამსწრეებს “ემოციების შეკავებისკენ” მოუწოდა, ხოლო შემდეგ სხდომა ნახევრად დახურა და მასზე დასწრების საშუალება მხოლოდ მედიას მიეცა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს დამსწრეებს სხდომათა დარბაზიც და სასამართლოს შენობაც.

პროტესტისა და ჯანო არჩაიას სოლიდარობის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა რეზო კიკნაძემაც და ის სხდომის ბოლო ნაწილს არ დასწრებია.

ბრალდებულების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები სასამართლოს გადაწყვეტილებას გარეთ ელოდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი