სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლობების დახურვის პარალელურად, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბაქო გაეროს ოთხ ოფისს დახურავს. ესენია: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
“მთავრობაში განაცხადეს, რომ ეს არ ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შეწყვეტას. აზერბაიჯანი გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონულ და გლობალურ დონეზე”, – წერს სააგენტო apa.
პრეზიდენტთან დაკავშირებული გამოცემა Caliber.az იუწყება, რომ UNDP-ის წარმომადგენლობამ დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა გრანტების შესახებ.
“UNDP-ის შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა აზერბაიჯანის ოფისის აუდიტი. შედეგებმა გამოავლინა სერიოზული დარღვევები, კორუფციის ნიშნები და მართვის სისტემური ხარვეზები. 2023 წელს ორგანიზაციამ 754 570 აშშ დოლარი გამოუყო 23 არასამთავრობო ორგანიზაციას (NGO), რომლებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაცია.
უფრო მეტიც, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ტერიტორიის განაღმვას, გამოყოფილი იქნა 2,6 მილიონი დოლარი. თუმცა აუდიტორებმა არ გაამჟღავნეს, ვინ მიიღო ეს გრანტები და როგორ დაიხარჯა თანხები, რაც მიუთითებს პროცესის გაუმჭვირვალობაზე”, – ნათქვამია Caliber.az-ის ანგარიშში.
გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, რომ გაეროს ოფისებმა აზერბაიჯანში ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.
ამის პარალელურად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 3 მარტს შეხვედრა გამართა გაეროს ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარების ოფისის რეგიონულ დირექტორთან.
ბაირამოვმა აღნიშნა, რომ “აზერბაიჯანის გათავისუფლებულმა ტერიტორიებმა და ეკონომიკურმა პროგრესმა ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, საკუთარი რესურსებით განახორციელოს სოციალური პროექტები და ასევე, დონორის როლში გამოვიდეს გარკვეული სახელმწიფოებისთვის გაეროს პროგრამების მეშვეობით”.
“ახალი რეალობების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი გადახედავს გაეროსთან თანამშრომლობის პრიორიტეტებს, რათა მისი რესურსები უფრო ეფექტიანად გამოიყენოს. კერძოდ, პარტნიორობა გაეროს ცალკეულ სტრუქტურებთან გაგრძელდება პროექტული თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც შეესაბამება ეროვნულ პრიორიტეტებს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.