ახალი ამბები

„დავიწყეთ ქართული ბანდების დაშლა“ — პოლონეთმა 17 ქართველი გააძევა

5 მარტი, 2025 •
„დავიწყეთ ქართული ბანდების დაშლა“ — პოლონეთმა 17 ქართველი გააძევა

პოლონეთმა კრაკოვიდან სამხედრო თვითმფრინავით განახორციელა არალეგალების, საქართველოს 17 მოქალაქის საჩვენებელი დეპორტაცია.

პოლონური მხარის ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქურდობა“. ასევე,  „ადამიანები, რომლებმაც მეტი დრო გაატარეს პოლონეთში, ვიდრე ეკუთვნოდათ და უკანონოდ გადაკვეთეს ეროვნული საზღვარი“.

„დეპორტაციები დაიწყო. ჩვენ ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. სიტყვები კი არა, ქმედებები“, — დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა X-ზე და დეპორტაციის ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კრიმინალები არასასურველია და დეპორტირებული იქნებიან ქვეყნიდან“.

„ეს არის პირველი ასეთი დაგეგმილი ოპერაცია. სხვა მსგავსი ოპერაციები უახლოეს კვირებში განხორციელდება. მოხდება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია“, — განაცხადა პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა.

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას წინ უსწრებდა ამბავი იმის შესახებ, რომ სამ ქართველს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება სუპერმარკეტებიდან მილიონობით ზლოტის ღირებულების საქონლის მოპარვისთვის.

მიგრანტების კრიმინალური ქმედებების აღკვეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის დაპირების ნაწილია.

პოლონური მედიის ინფორმაციით, 2024 წლიდან მოყოლებული პოლონეთიდან დეპორტირებულია 2 500 ქართველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი