ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ჯარიმები 0.1%-იდან 1%-მდე გაზარდა

5 მარტი, 2025 •
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ჯარიმები 0.1%-იდან 1%-მდე გაზარდა

საქართველოს კომერციული ბანკების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება „საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა“ და „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შევიდა.

ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-იდან 1%-მდე გაიზარდა.

„მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად. საქართველოს საბანკო სექტორი კი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცალკეული დარღვევებისათვის მარეგულირებელი ჩარჩოთი გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდა“, — აცხადებს ეროვნული ბანკი.

ამასთან, ეროვნული ბანკი დასძენს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი ჯარიმების როგორც ფიქსირებული, ისე შესაძლო მაქსიმალური ოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი