ნიდერლანდებში ქალაქ ჰააგაში კომიკოს მიშა ანდღულაძეს ქართველები თავს დაესხნენ. თავდასხმის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს 10-მდე ადამიანი, რომლებიც ქუჩაში საუბრობენ. მოულოდნელად ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ანდღულაძე ურტყამენ.
“რას აკეთებთ?!” – ისმის ანდღულაძის ხმა.
2 მარტს მიშა ანდღულაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოანონსი, სადაც ჰყვება ჰააგაში, ქართულ რესტორან “სოხუმში” დაგეგმილი კომედიური სთენდაფ საღამოს შესახებ.
თავდასხმის შემდეგ ანდღულაძის კომენტარს ambebi.ge ავრცელებს. გამოცემასთან საუბრისას ანდღულაძე ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი და მიზანმიმართული თავდასხმა. მისივე ინფორმაციით, ჰააგაში დაწყებულია გამოძიება.
ანდღულაძე მომხდარს რელიგიური შინაარსის ხუმრობას უკავშირებს.
“კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია, გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე […]
მანამდე, საქართველოში, პროკურატურაში მქონდა საქმე, “სთენდაფის” ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი. ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე.
პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო”, – ამბობს ანდღულაძე.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ და ძალადობა სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზით მოხდა. თუმცა ანდღულაძე ამას უარყოფს.
“რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ, პოსტი რაც დადეს, თითქოს მე “ქათული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ, ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს […] და მერე იქ ვიღაცა ჰყვებოდა – ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო… დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ… დაველოდოთ გამოძიებას”, – ამბობს ანდღულაძე.