ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები 4 მარტს დილიდან მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

3 მარტი, 2025 •
ჭიათურელი მაღაროელები 4 მარტს დილიდან მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ

ჭიათურელი მაღაროელები 28 თებერვლიდან აქციებს მართავენ, ხვალ კი, 4 მარტისთვის, მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან, რომელსაც ხალხი მთელი მუნიციპალიტეტიდან შეუერთდება.

მათი თქმით, 3 მარტი მეთექვსმეტე დღეა, რაც დაპირებულ და დათქმულ ხელფასს, 60%-იან ანაზღაურებას, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ არ ურიცხავს. მაღაროელები მხარის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, იმ პირებთან, ვისთანაც შეთანხმდა კომპანიის მხრიდან დროებითი გაჩერების საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის მასშტაბის გაზრდას აანონსებენ.

გარდა ამისა, ჭიათურელები ასახელებენ რამდენიმე მსხვილ მოთხოვნას, რომელიც შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ პასუხისმგებელ პირთან შეხვედრაა, ვისაც შეუძლია მათ მოთხოვნებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
  • როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში და გადანაწილდეს ბავშვებისა და მოზარდების ანგარიშებზე;
  • ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის მოძრაობდეს უფასო ტრანსპორტი;
  • მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
  • გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.

იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. ჭიათურელი მაღაროელების ინფორმაციით, ეს ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000 ჭიათურაში მუშაობს.

„კომპანიას ხელფასის 60% არ დაურიცხავს, რისი ვალდებულებაც გაჩერების შემდეგ მყისიერად წარმოეშვა კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე, სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნებასთან ერთად.

თუმცა ამ გაჩერების პერიოდში ინტენსიურად გადიოდა ჭიათურიდან მადანი, ანუ მოპოვებამ მაღაროებიდან ღია კარიერულზე გადაინაცვლა და ამ პრინციპით გაგრძელდება“, — ამბობენ მაღაროელები.

როგორც ტარიელ მიქაცაძე, მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი და პროტესტის მონაწილე ჰყვება, 28 თებერვალს „ნახევრად ბოდიშის მსგავსი შეტყობინება“ მიიღეს კომპანიისგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია თანხებს მოიძიებს და ხელფასების ჩარიცხვას ეცდება.

ჭიათურელები თვლიან, რომ ჭიათურიდან მადნის გატანა უნდა შეჩერდეს, რადგან დარწმუნებულები არიან, სანამ მადანი გაედინება, მათი ინტერესებითა და მოთხოვნებით არავინ დაინტერესდება.

„კომპანია კრიზისზე საუბრობს უკვე წლებია, არადა, ფაქტები სხვა რეალობას გვიჩვენებს. […] კრიზისი არ არის დამაჯერებელი მიზეზი. გარდა ამისა, 2046 წლამდე GM-ს ერთპიროვნული უფლება აქვს ქვეყნის მასშტაბით მადნის მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის. მის გარდა ვერავინ მოიპოვებს და გაიტანს მადნეულს”,  — ნათქვამი იყო მაღაროელების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აქციების დაწყებამდე.

სამთო-მოპოვებითი  სამუშოები 2024 წლის მარტში შეწყდა და გადავიდა ღია კარიერული ტიპის მოპოვებაზე. კომპანიის პოზიციაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე, რამდენადაც ფეროშენადნობთა ფასი რეკორდულად დაეცა და მოთხოვნა მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე შემცირდა, კომპანია ისედაც წაგებაზე მუშაობს.

„კომპანია იძულებული გახდა, რომ ის მიმართულებები, რაც წამგებიანი იყო, კერძოდ ჭიათურის მიმართულება, გაჩერებულიყო იანვრის თვეში. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდა ხელფასები 60%-ის ოდენობით“, — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ტატიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი