ახალი ამბები

სენატში იტალიელ მინისტრს ჰკითხეს, რატომ შეხვდა მათი ელჩი მაკა ბოჭორიშვილს

1 მარტი, 2025 •
სენატში იტალიელ მინისტრს ჰკითხეს, რატომ შეხვდა მათი ელჩი მაკა ბოჭორიშვილს

27 თებერვალს იტალიის სენატში საქართველოს საკითხი განიხილეს. სენატში მისულ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანტონიო ტაიანის საქართველოს შესახებ კითხვა სენატის წევრმა მარკო ლომბარდომ დაუსვა.

„2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გამოირჩეოდა უცხოური ჩარევით, დარღვევებით და გაყალბებით, რომლებიც დოკუმენტირებული იყო მთავარი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აგრძელებს დემონსტრაციას, განიცდის სერიოზულ რეპრესიებს და ძალადობას, საარჩევნო პროცესის მთლიანობის დარღვევის გამო ითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას, ახალ დემოკრატიულ არჩევნებს და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელებას.

მიმდინარე წლის 3 თებერვალს იტალიის ელჩი თბილისში შეხვდა საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. მიმდინარე წლის 13 თებერვალს ევროპარლამენტმა, დიდი უმრავლესობით მიღებული რეზოლუციით, დაგმო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი რეპრესიები და გაიმეორა, რომ არ ცნობს დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას.

არც ერთი ევროპული მთავრობა არ ცნობს და მხარს არ უჭერს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ მთავრობას. ბატონო მინისტრო, გეკითხებით: რა სტატუსით შეხვდა იტალიის ელჩი თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს?“, – ჰკითხა საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ლომბარდომ.

ანტონიო ტაიანის თქმით, მიუხედავად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებისა, საერთაშორისო დამკვირვებლებს ის არალეგიტიმურად არ შეუფასებიათ. თუმცა მისი თქმით, ევროპულ დონეზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„[იტალიის] მთავრობამ არაერთხელ დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ძალადობა და რეპრესიები. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად კრიტიკული პოზიცია დავიკავეთ თბილისის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესში აღებულ ვალდებულებებს. იტალია და ევროკავშირი კვლავაც ითხოვენ საქართველოსგან ოქტომბრის არჩევნების დროს წამოჭრილ კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით სიცხადეს, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს არალეგიტიმურად არ შეუფასებიათ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყოველი შემთხვევისთვის, გადახედოს ნებისმიერ ზომას, რომელიც ქვეყანას აშორებს ევროპულ გზას და ცხადია, რომ ეს გზა არა მხოლოდ შეჩერდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არამედ, სამწუხაროდ, უკან გადაიდგა ნაბიჯები. ჩვენი უკმაყოფილების მკაფიო სიგნალის გასაგზავნად, ბრიუსელში ჩვენ მხარი დავუჭირეთ გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ დონეზე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

როგორც ანტონიო ტაიანიმ თქვა, იტალია არ არის მომხრე ევროკავშირმა ისეთი ზომები მიიღოს, რომელიც ქართველ ხალხს განურჩევლად შეეხება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯებზე საპასუხო ზომები მიზანმიმართული და პროპორციული იყოს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის არხების შენარჩუნება, საჭიროების შემთხვევაში კრიტიკისა და ჩვენი ხმის გაგონებისთვის.

მთავრობა გააგრძელებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ყურადღებით მონიტორინგს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კარი დავუხუროთ ქართველ ხალხს, რომელიც ევროპისკენ იყურება და თავს ევროპელად გრძნობს. ჩვენი პოზიცია ნებისმიერ შემდგომ შემაკავებელ ზომებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა: ისინი უნდა იყოს მიზანმიმართული და პროპორციული და არ უნდა იმოქმედოს განურჩევლად ქართულ საზოგადოებაზე.

იტალია ერთგულია დაიცვას გამოხატვის თავისუფლება ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ჟურნალისტების თავისუფლება ნებისმიერ კონტექსტში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.

ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობის, სტაბილურობისა და ზრდის გარანტიას ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მათი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვას“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

ანტონიო ტაიანის პასუხად მარკო ლომბარდომ განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვს, რადგან სლოვაკეთმა და უნგრეთმა ვეტო დაადეს.

ამასთან მარკო ლომბარდომ განაცხადა, რომ ის არ უარყოფს საქართველოსთან კონტაქტების შენარჩუნების მნიშვნელობას.

„მაგრამ მაინტერესებს და გეკითხებით – რა ფასად შეიძლება გაგრძელდეს ორმხრივი ურთიერთობები, რადგან ტრამპის ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობის მტკიცება საკმარისი არ არის ევროკავშირზე საბაჟო გადასახადების თავიდან ასაცილებლად. ანალოგიურად, მე მჯერა, რომ საქართველოსთან კრიტიკული დიალოგი არ არის საკმარისი პუტინის რუსეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

ასე რომ, სჯობს მტკიცედ დავრჩეთ ჩვენს საერთო ბედზე, რომელიც უნდა იყოს ევროპის შიგნით, ევროპულ ინსტიტუტებში“, – განაცხადა მარკო ლომბარდომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი