პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ 5 მილიონად მიჰყიდის „ოქროს ბარათს“ მდიდარ უცხოელებს, რაც მისცემს მათ უფლებას, იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში, ასევე ექნებათ მოქალაქეობის მიღების პერსპექტივაც.
„ჩვენ ვაპირებთ გავყიდოთ “ოქროს ბარათი“. მწვანე ბარათი გვაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ეს ბარათი დაახლოებით $5 მილიონად დავაფასოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება მარშრუტი მოქალაქეობისკენ. ამ ბარათით ჩვენს ქვეყანაში შემოვა მდიდარი ხალხი“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, იმისთვის, რომ კვალიფიციური იყოთ ოქროს ბარათის მისაღებად, თქვენ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია შეერთებულ შტატებში.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების გაყიდვას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.
ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა თქვა, რომ ოქროს ბარათი ჩაანაცვლებს სამთავრობო EB-5 საიმიგრაციო ინვესტორთა სავიზო პროგრამას, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შემდეგ კი მიმართონ საიმიგრაციო ვიზისთვის.
„რა თქმა უნდა, მათ უნდა გაიარონ შემოწმება, რომ დავრწმუნდეთ, მსოფლიო დონის მშვენიერი გლობალური მოქალაქეები არიან“, — დასძინა ლუტნიკმა.
კონგრესის მიერ 1992 წელს შექმნილი EB-5 პროგრამას შეუძლია მწვანე ბარათების მინიჭება იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მინიმუმ 1 050 000 აშშ დოლარის ან 800 000 აშშ დოლარის ინვესტიციას ეკონომიკურად გაჭირვებულ ზონებში, მიზანმიმართული დასაქმების ზონებში, რათა შექმნან სამუშაო ადგილები ამერიკელი მუშაკებისთვის.