“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის წევრს, ცოტნე თვარაძეს ქუთაისის მერიამ შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელა.
ცოტნე თვარაძეს მერიაში მუშაობის სტაჟი აქვს. ბოლო 2 წელი ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში გრაფიკოს-დიზაინერის პოზიციაზე მუშაობდა. კონტრაქტის არგაგრძელებას რამდენიმე მიზეზით ხსნის:
“პირველ რიგში, ამის მიზეზი ბალდის პროტესტია. ამ სამართლიან პროტესტში დიდი ხანია ჩართული ვარ და ვერაფერი მომიხერხეს. ისინი ჩემს გასაშვებად, სავარაუდოდ, კარგ მომენტს ეძებდნენ და ვითომ ვადის ამოწურვის გამო არ გამიგრძელეს კონტრაქტი” ,- აღნიშნავს ის.
ცოტნე თვარაძე ყვება, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა მას პარტიული დავალება მისცა, რაც გააპროტესტა და არ შეასრულა:
“ქართული ოცნების დიზაინების საბეჭდად გამზადება მთხოვეს. მაისურებზე და ბანერებზე უნდა დამეტანა ვიზუალური მასალა. ამაზე მე განვაცხადე, რომ მერია არ ემსახურება რომელიმე პარტიას, არამედ ქალაქს. ეს გავაპროტესტე და უარი განვაცხადე დავალების შესრულებაზე”, – ამბობს ბალდის კანიონის დამცველი ნეტგაზეთთან საუბრისას.
კონტრაქტის არგაგრძელებაზე გადაწყვეტილებას თვარაძე არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევასაც უკავშირებს.
“საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” დამკვირვებელმა მითხრა, რომ ბიულეტენი ცუდად მქონდა ჩადებული და კონვერტიდან ისე გამოწია, რომ მარკერის კვალი დაენახა და გაეგო, ვის მივეცი ხმა. “
ცოტნე თვარაძე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა და სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს:
“აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეიძლება. რა გამოდის? თუ “ოცნებას” არ აძლევ ხმას, ვერ უნდა იარსებო ამ ქვეყანაში?”
რატომ არ გაუგრძელდა ცოტნე თვარაძეს კონტრაქტი ? – ამ კითხვით ქუთაისს მერიის პრესსამსახურს მივმართეთ.
“ცოტნეს შრომით ხელშეკრულებას ოქტომბრის ბოლოს გაუვიდა ვადა და ამ ეტაპზე მასთან თანამშღომლობა არ გაგრძელდა. ესაა მერიის პასუხი” ,- განგვიცხადეს მერიაში.
ნეტგაზეთის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რა არის ამის მიზეზი, როცა ის 5 წელი მუშაობდა, გვითხრეს:
“ჩვენი პოზიცია ესაა. სხვა ნაწილზე ოფიციალური კომენტარი არ იქნება. “
ელექტრონული წესით გამართულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა მასობრივად დაირღვა. საიას შესაბამისი სარჩელები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მათი მოთხოვნა მხოლოდ თეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია დავას სააპელაციო სასამართლოებში აგრძელებს. თბილისის სასამართლომ განხილვა გუშინ, დღის 2 საათზე დაიწყო და დღეს, 1 საათზე დაასრულა. მოსამართლეთა კოლეგია ახლა გადაწყვეტილების გამოსატანადაა გასული.
ბალდის კანიონი მარტვილიდან 20 წუთის სავალზე, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარეობს, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 295 მეტრზე. კანიონს 2013 წელს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაექვემდებარა. შ.პ.ს. კანიონი 350-ს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. საჯარო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2022 წლის მიწურულს არის დარეგისტრირებული.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტერიტორიის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ შეიტყვეს და საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს, არაერთ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მათსა და ინვესტორებს, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის.