ახალი ამბები

რუსეთი „გამარჯვების“ გამოსაცხადებლად ემზადება — უკრაინული დაზვერვა

21 თებერვალი, 2025 •
რუსეთი „გამარჯვების“ გამოსაცხადებლად ემზადება — უკრაინული დაზვერვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წლისთავზე, გამარჯვების გამოსაცხადებლად ემზადება.

„რუსეთი ემზადება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, მრგვალ თარიღზე, 2025 წლის 24 თებერვალს, სამი წლისთავზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, „გამარჯვება“ გამოაცხადოს. უფრო მეტიც, შესაძლოა მათ გეგმებში შედიოდეს ისიც, რომ „რუსეთის ნატოზე გამარჯვებაც“ კი გამოაცხადონ, ვინაიდან რუსული პროპაგანდა დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ ომს ხატავს, როგორც ომს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან“, — ნათქვამია უკრაინული დაზვერვის განცხადებაში.

უკრაინული მხარის განცხადება ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულად მუშაობს უკრაინის დისკრედიტაციისთვის.

„აგრესორი რუსეთის პროპაგანდისტული არმია და სპეცსამსახურები კრემლის ბრძანებით გაძლიერებულად ცდილობენ, რომ უკრაინის საზოგადოებაში სასოწარკვეთა გააღვივონ, დესტაბილიზაცია მოახდინონ ჩვენი ქვეყნის შიგნით და უკრაინის დისკრედიტაცია მოახერხონ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებში, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს ბრძოლაში.

მტრის საინფორმაციო თავდასხმაში მთავარ ნარატივებს შორისაა, რომ „დასავლეთმა უღალატა უკრაინას“, „ევროპელებისა და უკრაინელების აზრი არც მოსკოვს ანაღვლებს და არც ვაშინგტონს“, „აშშ და რუსეთი ყველაფერზე შეთანხმდნენ უკრაინის ზურგს უკან“, „უკრაინის ხელისუფლება არალეგიტიმურია“, „უკრაინული არმია აგებს ომს“, „უკრაინელი კორუფციონერები მილიარდობით დოლარს იპარავენ ამერიკული დახმარებიდან“, — წერს უკრაინის სადაზვერვო სამსახური.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი