ახალი ამბები

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით – მაკრონი

20 თებერვალი, 2025 •
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით – მაკრონი

უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიო ლიდერების მორიგი შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ განაცხადა, რომ საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ.

მაკრონის თქმით, ისინი ეძებენ გზას გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობისთვის უკრაინაში.

„მე კიდევ ერთხელ მქონდა ხანგრძლივი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე- კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან.

საფრანგეთს და მის პარტნიორებს მკაფიო და ერთიანი პოზიცია აქვთ. ჩვენ ვეძებთ გზას გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობისთვის უკრაინაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.

ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს, რომელიც თითქმის სამი წელია გრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის განცხადებით, მათი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, რომლებიც მათსავე ინტერესებშია:

  • უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული [მოლაპარაკებებში] და მისი უფლებები დაცული უნდა იყოს
  • მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები
  • ევროპელების უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების და შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობაში. გადაწყვეტილებები მიიღება უახლოეს დღეებსა და კვირებში“, – განაცხადა მაკრონმა.

ლიდერების შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ზელენსკის თქმით, მაკრონმა მას გააცნო მსოფლიო ლიდერებთან ბოლო მოლაპარაკებების დეტალები.

„ევროპას სჭირდება საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, რომლის უზრუნველყოფა და აშენება შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ჩვენს ერთიან პოზიციას ამასთან დაკავშირებით.

ჩვენ კოორდინაციას ვახორციელებდით ჩვენი შემდეგი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. საფრანგეთი ისევე აფასებს თავისუფლებას, როგორც ჩვენ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ მაკრონთან საუბრის შემდეგ.

ფოტო: AFP


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკი და თქვა, რომ „მოკრძალებულად წარმატებულმა კომიკოსმა“ დაარწმუნა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, 350 მილიარდი დოლარი დაეხარჯა ომზე, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო.

ტრამპის თქმით, ეს ომი პირადად მისი და შეერთებული შტატების გარეშე ვერ მოგვარდება. მისი თქმით, ზელენსკი არ ატარებს არჩევნებს, დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ჯო ბაიდენის მანიპულირება იყო.

ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.

3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.

„ევროპულ პრავდას“ ცნობით, მემორანდუმი, რომელიც აშშ-მა კიევს წარუდგინა, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მოგების შუაზე გაყოფას სთავაზობდა. ამასთან, ამერიკული მხარის ბენეფიციარები იყვნენ არა აშშ-ის მთავრობა, არამედ კერძო ინვესტორები. შეთანხმება არ შეიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს, რის გამოც ზელენსკიმ უარი თქვა მიუნხენში დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ბოლო, 2024 წლის დეკემბრის კვლევით, უკრაინელების 52% ენდობა ზელენსკის, 39% კი უნდობლობას უცხადებს.

„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან თქვა, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს სცემს, „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.

„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთი იზოლაციაში მოექცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი