ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Abzas Media-ს ჟურნალისტები საპატიმროდან სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებენ

19 თებერვალი, 2025 •
Abzas Media-ს ჟურნალისტები საპატიმროდან სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებენ

აზერბაიჯანში საგამოძიებო მედია Abzas Media-ს ოთხმა ჟურნალისტმა უარი თქვა სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე მანამ, სანამ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა არ შეწყდება.

გამოცემა “კავკაზსკი უზელი” მათ უფლებადამცველზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი კონკრეტულად სასამართლომდე მიყვანის პროცესს აპროტესტებენ – სხვა პატიმრებთან ერთად გადაჭედილი მანქანებით გადაჰყავთ. სასამართლოს შენობაში კი ცივ სარდაფში ჩაჰყავთ, სადაც ადვოკატებთან ერთდროულად შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.

უკანასკნელ სასამართლოზე, რომელიც 18 თებერვალს გაიმართა, ჟურნალისტები არ დაესწრნენ. შემდეგი სასამართლო მოსმენა 4 მარტს დაინიშნა.

გამოცემის ექვსი თანამშრომელი [ულვი ჰასანლი, სევინჩ ვაგიფგიზი, მოჰამედ კეკალოვი, ნარგიზ აბსალამოვა, ჰაფიზ ბაბალი და ელნარა გასიმოვა] აზერბაიჯანულმა რეჟიმმა რედაქციაში “ნაპოვნი” 40 ათასი ევროს კონტრაბანდაში დაადანაშაულა. სასამართლოს არსებითი განხილვები 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.

2023 წელს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის სამართლებრივი დევნის ახალი ტალღა და რეპრესიები დაიწყო.

აზერბაიჯანში ჟურნალისტებზე რეპრესიები გაძლიერდა – “რეპორტიორები საზღვრების გარეშე”

მასალების გადაბეჭდვის წესი