ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს

19 თებერვალი, 2025 •
ევროკავშირი რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს

ევროკავშირის წევრები ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

სანქციები ითვალისწინებს პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას, სათამაშო კონსოლების გაყიდვის შეჩერებასა და აკრძალული გემების სიაში 73 ახალი გემის დამატებას.

სანქციებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ორშაბათს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლისთავზე დაამტკიცებენ.

„ევროკავშირი უფრო ძლიერ ზომებს იღებს სანქციების თავიდან აცილების მცდელობების წინააღმდეგ. ეს ხდება პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის მეტი გემის უარყოფით და ახალი იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვით“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

როგორც როიტერსის სტატიაშია აღნიშნული, ალუმინის იმპორტის აკრძალვა პაკეტის ოფიციალურად დამტკიცებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყება. ახალი სანქციები ასევე მოიცავს 48 ადამიანისა და 35 ორგანიზაციისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს.

ევროკავშირი, ასევე, დათანხმდა აკრძალოს ტრანზაქციები რუსეთის პორტებთან და აეროპორტებთან, რომლებიც გვერდს უვლიან შვიდეულის მიერ დაწესებული რუსული ნავთობის ფასს.

ახალი სანქციები კიდევ უფრო მეტ გემს დაამატებს არსებულ 79-გემიან სიას. აღნიშნულ გემებს რუსეთი იყენებს აფასის ზღვარს მიღმა ნავთობის გასაყიდად ან სამხედრო გამოყენებისთვის, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეიდან საბრძოლო მასალის გადასაზიდად.

მასალების გადაბეჭდვის წესი