ახალი ამბები

რას პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს

19 თებერვალი, 2025 •
რას პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს

„აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთი იზოლაციაში მოექცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ზელენსკიმ დღეს, 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს სცემს, „დეზინფორმაციულ სივრცეში“ ცხოვრობს.

მან ასევე უარყო, რომ უკრაინის დახმარების 90% შეერთებულ შტატებზე მოდის დ ეს დახმარება 500 მილიარდი აშშ დოლარია.

„სიმართლე ცოტა განსხვავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ დახმარებისთვის. ვისურვებდი, რომ მეტი სიმართლე ყოფილიყო ტრამპის გუნდისგან… ჩვენი რიცხვები სრულიად განსხვავებულია. ომი 320 მილიარდი დაგვიჯდა. 120 მილიარდი ჩვენ — უკრაინის ხალხს. 200 მილიარდი — აშშ-ს და ევროპელ მოკავშირეებს. ეს არის იარაღის პაკეტები. მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 67 მილიარდის იარაღი და 31,5 მილიარდი პირდაპირი ფინანსური დახმარება მოგვცა“, — განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი გაკვირვებულია, რომ რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები ომს „კონფლიქტს“ უწოდებენ და რუსეთისადმი ლოიალურები არიან. ის მსგავს ქმედებებს რუსეთის საოკუპაციო ქმედებების შერბილებად მიიჩნევს, თუმცა დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას პარტნიორების მსგავს პოლიტიკასთან უწევს ბრძოლა.

ზელენსკი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას უკრაინის ლიდერის 4%-იანი რეიტინგის შესახებ.

„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მისი რეიტინგი ბოლო კვლევებით 57%-ია.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკელებთან ვერ შედგა შეთანხმება უკრაინული წიაღისეულის შესახებ, რადგან შეერთებული შტატების წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების არანაირი გარანტიები, თუმცა მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკება.

„მე ვუთხარი: მოდით, ჩამოვწეროთ პროცენტები. მე ვიცავ უკრაინას, ვერ გავყიდი ჩვენს სახელმწიფოს“, – დასძინა ზელენსკიმ.

3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.

„ევროპულ პრავდას“ ცნობით, მემორანდუმი, რომელიც აშშ-მა კიევს წარუდგინა, უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მოგების შუაზე გაყოფას სთავაზობდა. ამასთან, ამერიკული მხარის ბენეფიციარები იყვნენ არა აშშ-ის მთავრობა, არამედ კერძო ინვესტორები. შეთანხმება არ შეიცავდა უსაფრთხოების გარანტიებს, რის გამოც ზელენსკიმ უარი თქვა მიუნხენში დოკუმენტის ხელმოწერაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

„შეგეძლოთ, გარიგება დაგედოთ“ — ტრამპი უკრაინაში ომზე და არჩევნების საჭიროებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი