ახალი ამბები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებენ, დაინტერესდეს საქართველოში მასობრივი გათავისუფლებებით

17 თებერვალი, 2025 •
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებენ, დაინტერესდეს საქართველოში მასობრივი გათავისუფლებებით

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (სსც) და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (შსო) მოუწოდებენ, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სსც ავრცელებს.

ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები. სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით.

საჯარო უწყებების სია, საიდანაც საჯარო მოხელეები, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს, მათ შორის, მოიცავს:

  • იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
  • იუსტიციის სახლი;
  • დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
  • თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების და იურიდიული საქალაქო სამსახურები;
  • თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
  • თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის სააგენტო;
  • საქართველოს პარლამენტი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისია;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტი.

უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდიულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

ორგანიზაციების განცხადებით, მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რამაც უკიდურესად დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, მათ შორის, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის – სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები.

“აღსანიშნავია, რომ საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) წევრი სახელმწიფო, რომელიც შრომის საკითხებისადმი მიძღვნილი გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაციაა. შსო-ს აქვს მანდატი, საკუთარი ინიციატივით შექმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია იმ შემთხვევაში, როდესაც წევრ სახელმწიფოში მის მიერ რატიფიცირებული კონვენციის მწვავე და განგრძობადი დარღვევები ფიქსირდება. საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111 კონვენცია შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის შესახებ, რომელიც კრძალავს შრომით ურთიერთობაში პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციას.  საქართველოში საჯარო უწყებებში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე გათავისუფლებები არის მაღალი სიმწვავის, მასშტაბისა და განგრძობადი ხასიათის. შესაბამისად, აღნიშნული სიტუაცია აკმაყოფილებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებს. მასობრივი საკადრო წმენდა ძირს უთხრის საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს, მოტივირებულია საჯარო სამსახურზე სრული პარტიული კონტროლის დამყარების განზრახვით და წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს საჯარო ინსტიტუტებზე. ამ საკითხებზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწრაფო რეაგირება და საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა მნიშვნელოვანი ბერკეტი იყოს საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა რეპრესიების შესაჩერებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი