ახალი ამბები

კოლსის თქმით, EU-მ უნდა შეავსოს ის ვაკუუმი, რაც საქართველოში აშშ-სგან ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვით შეიქმნა

17 თებერვალი, 2025 •
კოლსის თქმით, EU-მ უნდა შეავსოს ის ვაკუუმი, რაც საქართველოში აშშ-სგან ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვით შეიქმნა

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლატვიელ ევროპარლამენტარს, რიჰარდს კოლსს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობს საქართველოს მხარდაჭერისა და რეპრესიული რეჟიმის წევრების სანქცირების დაწესების მნიშვნელობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კოლსი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებს.

“შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან: საქართველო დგას გზაჯვარედინზე – საჭიროა ახალი არჩევნები, რეპრესიები ძლიერდება და ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი. სიტუაცია გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-სგან მხარდაჭერა დაკარგეს და ამიტომ, ევროკავშირმა უნდა გადადგას ნაბიჯი ამ ვაკუუმის შესავსებად – მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას და თავისთავად, დემოკრატიას. მხოლოდ გუშინ 100 000 ქართველი გამოვიდა ქუჩაში.

ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ სანქციებზე. პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ სანქციები საჭიროა მათ შორის იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებიც ბრმად ასრულებენ რეჟიმის მითითებებს. მე აღვნიშნე, რომ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის ცხადი. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპული და არა ოლიგარქებისა და კრემლის მარიონეტების მიერ ნაკარნახევი. თანამშრომლობის გაგრძელება საჭიროა”, – წერს ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი არაერთი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა. გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში საქართველოს შესახებ. ზურაბიშვილის გარდა კონფერენციაში მონაწილეობდა ექსპრემიერი, პარტიაის”საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია. “ქართული ოცნება” მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიუწვევიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი