რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა “იზვესტიანთან” ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რუსმა პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:
“ზოგადად, პირობების წაყენება – ეს მთლად ჩვენი პოლიტიკა არაა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, გამონაკლისად ამის გაკეთებაც გვიწევს. ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ გავაგრძელოთ მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება – ქვეყანასთან, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო ისტორია და საერთო კულტურული ტრადიციები, საერთო რწმენა, ფართო ადამიანური და ნათესაური კავშირები”.
მისი თქმით “ქართული ოცნება” პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს და ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესშია რუსულ-ქართული თანამშრომლობის განვითარება.
“სწორედ ამით არის ნაკარნახევი რუსეთის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის აღდგენა ჯერჯერობით მათთვის, ვინც მოკლევადიანი ვიზიტებით ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო წინ წავიდეთ ამ მიმართულებებით და საქართველოსთან თანამშრომლობა განვავითაროთ. ჩვენ ამ დრომდე ვიყავით და ვიქნებით მთავარი ეკონომიკური პარტნიორი საქართველოსთვის”.
ასევე, გალუზინი იმედოვნებს, რომ “თანმიმდევრული განვითარება ურთიერთობებისა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე მიგვიყვანს. მზად ვართ, იმდენად წავიდეთ შორს, რამდენადაც თავად ქართული მხარე იქნება მზად, ამ მხრივ ჩვენთვის არ არებობს რაიმე შეზღუდვები”.