ახალი ამბები

შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით – პოლონეთის საელჩო

6 თებერვალი, 2025 •
შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით – პოლონეთის საელჩო

პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებულებს, რომლებსაც უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩვევს.

“ღრმად შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით. სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულს, ვინც იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – წერია პოსტში, რომელიც საელჩომ შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათებთან ერთად გაავრცელა.

აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მათ მოისმინეს ის რეპრესიული მიდგომები, რომლებსაც “ქართული ოცნება” პროევროპული აქციების მონაწილეთა დასჯისა და საზოგადოების დაშინების მიზნით იყენებს.

“კარგი შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი არის, რამეთუ პირველი პირებისაგან მოისმინეს ევროკავშირის ელჩებმა ყველა ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში პოლიტპატიმრებთან და ქვეყანაში არსებულ მოცემულობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ავუხსენით, რომ რეჟიმი, დე ფაქტო ხელისუფლება დგას სამ კომპონენტზე: ეს არის ფული, ეს არის მოძალადე პოლიცია და პროპაგანდა. სამივეს შეძლებისდაგვარად ვებრძვით ქუჩიდან და ამაში გვჭირდება მათი დახმარება. კონკრეტულად, სანქციების საკითხი დავუყენეთ, რომ გაამკაცრონ თავიანთი ბერკეტები. შესაბამისად, გაავრცელონ სანქციები არა მარტო ჩინოვნიკებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზე. მათ ბიზნესპარტნიორებზეც, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოთ დიდ ბიზნესებზე და დიდ ფინანსებზე წვდომა, რომ ვერ გამოკვებონ თავიანთი მოძალადე პოლიცია. ამავდროულად, ჩვენ ვთხოვეთ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარონ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ 19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.

დღეს მან ციხიდან წერილი მიიღო. ზვიად ცეცხლაძე მამას უწონებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პირველ სინდისის პატიმრად მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ციხეშია. ცეცხლაძემ გლდანის ციხიდან წერილი რუსთავის ქალთა ციხეში მყოფი მზია ამაღლობელისთვისაც დაწერა. იგი ამაღლობელს, რომელსაც 27 დღეა წყლის გარდა არაფერი მიუღია, სთხოვს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი